Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში არ ამბობენ, ვინ ემსხვერპლა მოსკოვის ოლქში მომხდარ აფეთქებას

მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში 9 ივნისს აფეთქებული ავტომანქანა
მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში 9 ივნისს აფეთქებული ავტომანქანა

რუსეთის ხელისუფლება მეორე დღეა არ ასაჯაროებს მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულის ვინაობას. ის სავარაუდოდ, მაღალჩინოსანი სამხედრო იყო.

მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხის იმ რაიონში, სადაც ბევრი სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს, 9 ივნისს დილით აფეთქდა ავტომანქანა BMW Х3, რომლის მძღოლიც დაიღუპა. ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყაროს თანახმად, აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს უფროსი დამირ დავიდოვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 9 ივნისს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლით.

ბალაშიხაში მომხდარი აფეთქების შესახებ 10 ივნისს მოსკოვში, ბრიფინგზე ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან დაღუპულის ვინაობა არ დაასახელა. პესკოვის თანახმად, დეტალები „გასაჯაროებას არ ექვემდებარება მიმდინარე გამოძიების“ გამო, თავად ეს საკითხი კი სპეცსამსახურების კომპეტენციაა. პესკოვის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ პრეზიდენტ პუტინს მოახსენეს.

გამოცემა „აგენტსტვოს“ ცნობით, ქალაქ ბალაშიხის კოლდუნოვის ქუჩის ათ ნომერში მდებარე სახლი, რომელთანაც 9 ივნისს ავტომანქანა აფეთქდა, დაახლოებით 350-მეტრშია იმ სახლის ტერიტორიიდან, სადაც 2025 წლის აპრილში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.

გენერალ-ლეიტენანტ მოსკალიკის გარდა, ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში მოკლეს სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

  • 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
  • 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.

რუსეთის ხელისუფლება სამხედრო მაღალჩინოსნებზე თავდასხმებში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი მსგავს ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG