აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ირანის წინააღმდეგ 11 ივნისისთვის დაგეგმილი “დარტყმები და დაბომბვები” გაუქმდა და ირანთან შეთანხმების “ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება,” ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაიმ, რომელიც ირანის გუნდის ხელმძღვანელია აშშ-თან მოლაპარაკებებზე, დაადასტურა, რომ „ტექსტის უმეტესი ნაწილი უკვე შეთანხმებულია.“
ბაღაიმ დასძინა იქვე, რომ „თუმცა ამერიკელები მუდმივად იცვლიან აზრს“. მან 11 ივნისს განაცხადა ასევე, რომ აშშ-თან შესაძლო შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული და აღნიშნა, რომ ირანი „არ დაიხევს უკან თავისი წითელი ხაზებიდან“.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში ისმაილ ბაღაიმ ასევე აღნიშნა: „ჰორმუზის სრუტეში ვითარება უფრო არასტაბილური გახდა შეერთებული შტატების ქმედებების გამო“.
დონალდ ტრამპმა 11 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ირანის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ამ შაბათ-კვირას ევროპაში გაიმართება და მას ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი დაესწრება.
ტრამპმა ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევის შესახებ ილაპარაკა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ისახავს მიზნად და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ახლახან მივაღწიეთ დიდ შეთანხმებას ირანთან ომის შესახებ“.
მან დასძინა, რომ „თუ დოკუმენტაცია დასრულდება, რაც უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს, ხელმოწერის ცერემონია, სავარაუდოდ, ევროპაში გაიმართება“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ „ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად გაიხსნება“.
მარტის შუა რიცხვებიდან ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.
11 ივნისს სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ მან გააუქმა საღამოსთვის ადრე დაგეგმილი დარტყმები, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესის გათვალისწინებით.
Reuters-ის ცნობით, სამმა ირანულმა წყარომ განაცხადა, რომ პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია.
9 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა წინა დღეს ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებაზე და პასუხად ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა.
10 ივნისს ირანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების დარტყმას უპასუხა მის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.
2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. აპრილის დასაწყისში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
ფორუმი