Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

 ღაზის სექტორი (საილუსტრაციო ფოტო)
ღაზის სექტორი (საილუსტრაციო ფოტო)

Reuters-ის სააგენტო ჯანდაცვის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იტყობინება,რომ 11 ივნისს ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამ დროს შუამავლები ცდილობდნენ, წინსვლისთვის მიეღწიათ აშშ-ს შუამავლობით მიღწეული მყიფე ზავის განმტკიცების განახლებულ მცდელობებში, იტყობინებიან მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროები.

მედიკოსების თქმით, ქალაქ ღაზაში, მოღრაბის ქუჩაზე მდებარე სახლზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ დარტყმის შედეგად დაღუპული პირი მებრძოლი იყო.

კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად. ისრაელის სამხედროებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ძალადობა მოხდა მას შემდეგ, რაც შუამავლებმა, ეგვიპტემ, კატარმა და თურქეთმა ერთკვირიანი მოლაპარაკებები გამართეს ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და პალესტინელების სხვა დაჯგუფებებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისეული გეგმის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰამასის განიარაღებას და ისრაელის ძალების გაყვანას.

11 ივნისის განცხადებაში, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ჰუსამ ბადრანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეული იქნა „რეალური წინსვლა“ და მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი, შეწყვიტოს ზავის დარღვევა. ბადრანმა არ დააკონკრეტა, რა სახის წინსვლა იქნა მიღწეული.

ჰამასი ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების შესახებ სრული შეთანხმების არარსებობას ისრაელის მიერ ოქტომბერში შეთანხმებული პირველი ფაზის ვალდებულებების შეუსრულებლობას აბრალებს, რამაც ძირითადი საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, მაგრამ ისრაელის თავდასხმები არ დაასრულა.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი დარტყმები ჰამასის და სხვა მებრძოლების მიერ მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული.

ორი ეგვიპტური წყაროს ცნობით, შუამავლებსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, მთავარ საკამათო საკითხად კი განიარაღება იქცა. წყაროების ცნობით, ამ საკითხის გარდა, დაჯგუფებები, მათ შორის ჰამასი, შეთანხმდნენ ტრამპის მშვიდობის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 15-პუნქტიანი გეგმის 14 პუნქტზე.

პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰამასის იარაღისა და ინფრასტრუქტურის განადგურების მოთხოვნა ოთხშაბათს „ისრაელის მხრიდან [ახალ] დაბრკოლებად“ იქცა, რამაც პოზიტიური ატმოსფერო დაარღვია.

ოთხი წყაროდან ორის ცნობით, ჰამასი სრულ განიარაღებას კვლავაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ მიმავალი პოლიტიკური გზის დაწყებას უკავშირებს.

ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, ზავის შეთანხმების შემდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 950-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ისრაელის თქმით კი, ამ პერიოდში მებრძოლებმა მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.

წყაროების ცნობით, წინსვლის არარსებობის გამო, ჰამასსა და ღაზის საკითხებში ტრამპის მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელ ნიკოლაი მლადენოვს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

Reuters-ისთვის წერილობით პასუხში, მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მლადენოვი რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს შუამავლებთან და ყველა მხარესთან.

„განხილვები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაკეთებელი. ამიტომ, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა კაიროში პალესტინელთა ფრაქციებს შორის შიდა დიალოგის შესახებ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.
„ღაზაში არსებული ყველა იარაღი უნდა განადგურდეს; ღაზის ადმინისტრაციის ეროვნული კომიტეტი, როგორც გარდამავალი ხელისუფლება, უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას, ხოლო ისრაელმა უნდა დაიხიოს პერიმეტრზე, რათა ღაზის სრული რეკონსტრუქცია დაიწყოს“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ისრაელის თანახმად, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, გატაცებული იყო 250 პირი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG