Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის თანახმად, აშშ და ირანი მიუახლოვდნენ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის შესახებ

ღუზაჩაშვებული ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ომანის მახლობლად. 10 ივნისი, 2026.
ღუზაჩაშვებული ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ომანის მახლობლად. 10 ივნისი, 2026.

აშშ და ირანი ახლოს არიან ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, იტყობინებიან Bloomberg და CBS News „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მაღალჩინოსნებსა და წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

წყაროების თანახმად, დოკუმენტს, სავარაუდოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმა ექნება. Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მისი ხელმოწერა შესაძლოა მოხდეს კვირას, ჟენევაში ან საფრანგეთის ქალაქ ევიანში საერთაშორისო შეხვედრების დროს, თუმცა თეირანისგან ჯერ არ არის საბოლოო თანხმობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე ასევე განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ევროპაში უკვე ამ შაბათ-კვირას გაფორმდეს.

Axios-ის ცნობით, მემორანდუმის ტექსტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ მხარეების საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს. დოკუმენტის პროექტის თანახმად, ირანი კისრულობს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას და მოაგვარებს გამდიდრებული ურანის მარაგების საკითხს. სანაცვლოდ, აშშ-მა შეიძლება განიხილოს სანქციების შემსუბუქება და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის დამატებითი გადასახადების გარეშე და გადაზიდვების მოცულობის თანდათანობით აღდგენას ომამდელ დონემდე. სანაცვლოდ, ვაშინგტონმა უნდა მოხსნას ირანის პორტების ბლოკადა.

Bloomberg-ის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება პროცესში და გახსნის 60-დღიანი მოლაპარაკებების რაუნდს აშშ-სა და ირანს შორის უფრო ფართო შეთანხმების შესახებ.

ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმებები ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა მხარეებმა მართლაც მიაღწიეს პროგრესს კონფლიქტის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებში.

ერთ-ერთი გადაუჭრელი საკითხი რჩება გაყინული ირანული აქტივები საზღვარგარეთ. თეირანი მოითხოვს სახსრებზე დაუყოვნებლივ წვდომას, ხოლო აშშ გვთავაზობს ეტაპობრივ განთავისუფლებას იმის მიხედვით, თუ როგორ შესრულდება მომავალი შეთანხმების პირობები. CNN-ის წყაროს ცნობით, ისრაელი დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მა არ განბლოკოს ირანის აქტივები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG