შსს-ს განცხადებით, რომ ეს კადრები, - რაც „ტვ პირველზე“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში გავიდა, - 2022 წლის ზაფხულშია გადაღებული, ხოლო 3 პოლიციელი 2026 წლის თებერვალში დააკავეს.
ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, ნაშუაღამევს, თბილისში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად.
„საზარელია“
„საზარელია“, - ასე შეაფასა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პოლიციის მხრიდან ძალადობა.
„ის, რომ სისტემიდან ასეთი საზარელი რამ გაიჟონა, იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს დიდი დღე აღარ დარჩენია“, - წერს პოლიტიკოსი.
მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ „საპოლიციო ძალადობა გარდაუვალია ავტოკრატიაში“ და „რაც ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია“.
მისი თქმით, ეს ასე გაგრძელდება, „სანამ ივანიშვილის ავტოკრატიული სისტემა არ დაინგრევა და მის ნაცვლად რესპუბლიკური სისტემა არ დაფუძნდება“.
„ივანიშვილის ავტოკრატიული სისტემის შიგნიდან ლპობას აჩვენებს ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ეს კადრები გამოიტანა - მაგრამ დამპალი რეჟიმიც შეინარჩუნებს თავს იქამდე, სანამ ხალხი თვისებრივად უკეთეს ალტერნატივას არ დაინახავს. და ვერ დაინახავს, სანამ ოპოზიციურ ავტოკრატიულ მყრალ ნაგავს არ მოვიშორებთ“, - წერს პოლიტიკოსი.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიმართავს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და წერს:
„მთავარი ამბავი არის, თქვენს ვირთხას რომ ეს კადრები გამოაქვს“.
„ერთეული შემთხვევები“
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“) გაიხსენა ის შემთხვევები, რაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ერთეული შემთხვევა იყო:
- „ეს ქობულეთში მოხდაო რამდენიმე წლის წინ, იმერეთიდან ჩასული სამი პოლიციელი სცემს დაკავებულებს, ერთეული შემთხვევააო.
- გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო;
- ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო;
- გურამ როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო;
- ყველაფერი რაც კამერაზე ხვდება და ჟონავს, არის ერთეული შემთხვევები. ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა. კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში. პოლიციელი გმირია“, - წერს ჯაფარიძე.
ანონსი და შსს-ს პასუხი
შსს და პროკურატურა ადასტურებენ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, რაზეც „ტვ პირველმა“ ჯერ მხოლოდ ანონსი გამოაქვეყნა.
ანონსის გასვლიდან ორიოდე საათში სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რაც 2026 წელს გამოვლინდა და 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი დააკავეს.
ამ განცხადებებში არაფერია ნათქვამი ძალადობის იმ სხვა სავარაუდო ფაქტებზე, რაზეც „ნოდარ მელაძის შაბათი“ ასევე იუწყება და რაც, ჟურნალისტის თანახმადვე, სისტემურია.
უცნობია, რა ბრალდებით წაუყენეს დაკავებულებს ბრალი - მათ შორის, წაუყენეს თუ არა წამების/არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
ამ ამბის გახმაურებას წინ უძღოდა 2026 წლის მაისის ბოლოს გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობის კადრების გასაჯაროვება, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ფორუმი