ალიანსი მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მსგავსი ძალადობის ამსახველ ფაქტებს ფლობენ, გაასაჯაროვონ. პარტიების სახელით საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა გიგა ლემონჯავამ მიმართა.
პარტიების განცხადებითვე, იმ დროს, როცა ეს კადრებია გადაღებული, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, - „რომლის ჩვენების საფუძველზეც ზი ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“.
„სისტემა ჟონავს“
„სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაგვაჯეროს, რომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა“, - განაცხადა ალიანსის სახელით გამართულ ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ, „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული ადამიანების წამების, ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შსს-ს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეო-მასალას და შემდეგ აზიარებენ სხვადასხვა ჩათში“, - თქვა მან.
„აქვე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, - იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, - გაასაჯაროვეთ ეს მასალა“, - მოუწოდა მან მოქალაქეებს.
„ამით, ერთი მხრივ, შეამსუბუქებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, დაიცავთ სხვებს სისტემური წამებისგან“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ძალადობა პოლიციელთა მხრიდან
ტელეკომპანია „პირველმა“ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.
დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.
ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.
„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.
შსს-ს განცხადებით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.
უწყების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.
პროკურატურაშიც განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია.
თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ არაერთი შეკითხვა რჩება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, მათ შორის ძირითადი: რატომ დასჭირდა 4 წლამდე დრო დანაშაულის გამოვლენას.
„ოპოზიციის ალიანსში“ თავდაპირველად 9 პარტია გაერთიანდა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ფედერალისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „თავისუფლების მოედანი“.
ბოლო პერიოდში, დაპირისპირების გაგრძელების ფონზე, სხვა პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ჩამოშორებულია.
ფორუმი