Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარია კენჭს უყრის თავისი მოსახლეობის რიცხვის 10 მილიონამდე შეზღუდვის წინადადებას

შვეიცარიაში რეფერენდუმი იმართება მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვის შესახებ
შვეიცარიაში რეფერენდუმი იმართება მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვის შესახებ

შვეიცარიაში 14 ივნისს კენჭისყრა იმართება იმის თაობაზე, ემხრობიან თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქეები მოსახლეობის შეზღუდვის წინადადებას.

რეფერენდუმს, რომელიც ბრიტანეთის Brexit-ს ემსგავსება, შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკისა და ევროკავშირთან ბერნის ურთიერთობებისთვის.

შვეიცარიის მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) მიერ შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილება ითვალისწინებს, რომ მოსახლეობის რიცხვმა 2050 წლისთვის 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს. ოფიციალური პროგნოზებით, ეს 2040-იანი წლების დასაწყისისთვის მოხდება. მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის სურვილი უკავშირდება იმიგრაციის, საჯარო სერვისებისა და საცხოვრებლის გემო შეშფოთებას.

მოსახლეობის რაოდენობის რეგულირების ეს უპრეცედენტო სქემა ეხმიანება ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკური ძალების მზარდ მცდელობებს, გაამკაცრონ იმიგრაციის შეზღუდვები, რასაც იწვევს ცხოვრების ხარჯებით უკმაყოფილება, დაბალი ეკონომიკური ზრდა და დანაშაულის ზრდა.

კენჭისყრის შედეგები, სავარაუდოდ, შუადღისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

თუ წინადადება მიიღეს, 10 მილიონის ნიშნულის მიღწევის შემდეგ დაიწყება პროცესი, როცა შვეიცარიამ შეიძლება გააუქმოს შრომის თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რომლის წევრი სახელმწიფოებიც ალპებისპირეთის ამ ქვეყნის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ.

შვეიცარიის დაბერებული მოსახლეობა უკვე 9 მილიონზე მეტია და გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების უმრავლესობა წინადადების წინააღმდეგია. უფრო ადრე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იდეას უმრავლესობა მიემხრო.

პირდაპირი დემოკრატიის სისტემის თანახმად, შვეიცარიელი ამომრჩეველი, როგორც წესი, წელიწადში ოთხჯერ მონაწილეობს ეროვნულ რეფერენდუმებში, რომელთა მისაღებად ასევე საჭიროა კანტონების უმრავლესობის მხარდაჭერა.

მთავრობამ და პარლამენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ უარყონ SVP-ის ე.წ. „მდგრადობის ინიციატივა” როგორც უგუნური, შვეიცარიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის ამ რთულ დროს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG