ექვსსაათიანი ოპერაციის სამიზნე კამერუნის დროშით მცურავი ტანკერი Smyrtos-ი იყო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი დააკავეს და გამოძიების დასრულებამდე სამხრეთ სანაპიროსთან მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
Starboard Maritime Intelligence-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა The Insider-ის ცნობით, ტანკერს ფინეთის ყურეში ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა გამორთული ჰქონდა მინიმუმ 5 ივნისიდან და სავარაუდოდ, უსტ-ლუგის პორტში შეჩერდა, რომელიც მაშინ მისი დანიშნულების ადგილი იყო.
დგომის მანძილზე ტანკერმა შეიცვალა პოზიცია, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის დატვირთეს.
7 ივნისს Smyrtos-მა დატოვა დგომის ადგილი და დასავლეთისკენ, ეგვიპტის პორტ საიდისკენ გაემართა. 11 ივნისს გემმა ბალტიის ზღვა გაიარა და ორი დღის შემდეგ ლა-მანშის სრუტეს მიაღწია, სადაც დააკავეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ცნობით, ტანკერი Smyrtos-ი რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტში სულ მცირე 2025 წლის მარტიდან, ძირითადად შორეული აღმოსავლეთის კოზმინოს პორტიდან გამომავალ მარშრუტებზე მონაწილეობს. ბოლო წლის განმავლობაში ტანკერი ევროკავშირის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და კანადის სანქციების ქვეშ მოექცა.
რუსეთი ნავთობის ექსპორტზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით იყენებს ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“, რომლებსაც საკუთრების გაუმჭვირვალე სტრუქტურა აქვთ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ 700-ზე მეტი გემისგან შედგება და პასუხისმგებელია სანქციების თავიდან ასაცილებლად რუსული ნავთობის 75%-ის ტრანსპორტირებაზე.
ფორუმი