- საზღვაო ნაოსნობის ონლაინ-მონიტორინგის სერვის VesselFinder-ის მონაცემებით, მადაგასკარის დროშით მცურავმა ტანკერმა TAGOR(აშენებულია 2005წ.) რუსეთის მურმანსკის პორტი 2026 წლის მაისის დასაწყისში დატოვა და გეზი ბალტიის ზღვისკენ აიღო.
საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერის დაკავების შესახებ 1 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე და გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ასახავს Tagor-ზე ვერტმფრენიდან დესანტის გადასხმას.
მაკრონის ინფორმაციით, ტანკერი 31 მაისს დააკავეს რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერითა და საზღვაო სამართლის სრული დაცვით.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დაუშვებელია, რომ გემები თავს არიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც ოთხ წელზე მეტია რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
მაკრონის თანახმად, გემები, რომლებიც არ იცავენ საზღვაო ნაოსნობის ელემენტარულ წესებსაც კი, საფრთხეს წარმოადგენენ გარემოსა და ადამიანებისთვის.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა, „ტასმა" და „რია ნოვოსტიმ" 1 ივნისს, პარიზში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით დაწერეს, რომ წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის მიერ დაკავებული გემის კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტანკერის დაკავებას „უკანონო" უწოდა და „საერთაშორისო მეკობრეობას" შეადარა.
რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტად“ მოიხსენიებენ სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებს, რომლებსაც უკრაინაში ომის გამო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი. ევროპის სახელმწიფოებს, აშშ-ს და კანადას სანქციები აქვთ დაწესებული ასეულობით ასეთი ტანკერისთვისაც.
2026 წლის დასაწყისიდან საფრანგეთმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ მესამე გემი დააკავა. წინა შემთხვევა იყო მარტში, როცა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს ტანკერი Deyna. ის დაჯარიმების შემდეგ, აპრილში გაათავისუფლეს.
არის შემთხვევები, როცა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების ეკიპაჟში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
- 2026 წლის იანვარში ბრიტანელი სამხედროების მხარდაჭერით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში ჩაატარა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული ტანკერის, რუსეთის დროშით მცურავი Marinera-ს (Bella-1) დაკავების ოპერაცია.
- ტანკერის ქართველ კაპიტანს ავთანდილ კალანდაძეს ბრალი აშშ-ში წაუყენეს.
ფორუმი