ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს, 16 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომიდან გააძევა.
გადაწყვეტილების არგუმენტად მოსამართლემ “სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დაასახელა”.
მაშინ, როცა ელისაშვილი ბადრაგს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, მოსამართლემ დაამატა: “არცერთი ბრალდებულისთვის მომითმენია ამდენი, რაც ამას ვუთმინე”.
გაძევებას წინ ალეკო ელისაშვილი კითხვას უსვამდა ექსპერტს, პროკურატურის მოწმეს. მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა, პირდაპირ კითხვაზე გადასულიყო, რასაც მოჰყვა პოლიტიკოსის პროტესტი, რომ “კითხვას კონტექსტი სჭირდება” და “პირველივე სიტყვაზე პირში უვარდებიან”.
ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ მანამდეც გააფრთხილა, როცა მან სასამართლო მის მიმართ სუბიექტურ მიდგომაში დაადანაშაულა. “გული გამისკდა, ისე შემეშინდა”, - უპასუხა რეპლიკით პოლიტიკოსმა მოსამართლეს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. ჩვენებას ის ექსპერტები მისცემენ, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.
ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის ეტაპზეც გააძევა მოსამართლემ, არსებითი განხილვის ეტაპზე მისი გაძევება კი ნიშნავს, რომ მას, დიდი ალბათობით, განაჩენამდე სხდომაზე აღარ დააბრუნებენ.
რას ედავებიან ალეკო ელისაშვილს
პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს „ტერორიზმს“, უფრო ზუსტად კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების თანახმად, მან სასამართლოს შენობის დაწვა სცადა და ამ მიზნით, 2025 წლის 30 ნოემბრის შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, შენობასთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“, ჩაამტვრია შუშა, შევიდა შენობაში, მოასხა საწვავი, ცეცხლის წაკიდებაში კი ხელი მანდატურებმა შეუშალეს.
პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“.
პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას“, - წერია 2025 წლის 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მას კიდევ ერთი ბრალი აქვს წაყენებული
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ელისაშვილს ახალი ბრალი 30 მარტს წარუდგინეს - სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ “თაროზე შემოდებული” ძველი საქმე პოლიტიკოსს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს, სინამდვილეში კი ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.
ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ელისაშვილს 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი