Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად პენიტენციურ სამსახურთან აქცია გაიმართა

პენიტენციურ სამსახურთან აქცია გაიმართა პლაკატზე წარწერისთვის დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად.
პენიტენციურ სამსახურთან აქცია გაიმართა პლაკატზე წარწერისთვის დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად.

17 ივნისს თბილისში, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გაიმართა საპროტესტო აქცია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერის მიზნით.

ხოშტარიას ადვოკატმა რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

  • აქციაზე მოითხოვეს ელენე ხოშტარიას გათავისუფლება, ხოლო თუ ასე არ მოხდა, სულ მცირე, მისი კლინიკაში გადაყვანა, რათა ადეკვატურად უმკურნალონ.
  • პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ხოშტარიას გაწეული აქვს დახმარება და „დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა“.

რა დიაგნოზი აქვს ხოშტარიას

ელენე ხოშტარიას მეგობარმა ნინო ორდენიძემ პენიტენციურ სამსახურთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ გარემოება, რომ ელენე ხოშტარიამ მათ მისცა უფლება, რომ საჯაროდ ისაუბრონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნიშნავს, რომ „ის არის რეალურად ძალიან ცუდად“.

ორდენიძის თქმით, ხოშტარია საპატიმროში მოხვდა ორი დიაგნოზით, რომლებსაც რამდენიმე წელია, ებრძვის: „ერთი არის რევმატიული ართრიტი, ხოლო მეორე - ავტოიმუნური დაავადება“.

„ელენეს ჩაუტარდა ძალიან სერიოზული მკურნალობის კურსი და ძალიან მძიმე მკურნალობის კურსი, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი და ამაზე ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ჰქონდა“, - თქვა მან.

„რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ის მოხვდა ციხეში, რამდენიმე თვის შემდეგ მისი მდგომარეობა და მისმა ამ დაავადებამ დაიწყო პროგრესირება და უკვე რამდენიმე თვეა, მას უჭირს თითების მოძრაობა, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად და მას ყოველთვის სჭირდება ხოლმე, რომ დამხმარე ჯოხი გამოიყენოს“, - განაცხადა ორდენიძემ.

„უნდა მოხდეს სწორი კვლევების ჩატარება, უნდა მოხდეს მკურნალობის დანიშნულების [შემუშავება] და პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს სასწრაფოდ მისი მკურნალობა იმიტომ, რომ შეიძლება მერე ძალიან მძიმე შედეგი დადგეს“, - თქვა მან.

ხოშტარიას პირველი კომენტარი ამბის გახმაურების შემდეგ

ელენე ხოშტარიას ფეისბუკზე 17 ივნისს, 18:00 საათზე გამოქვეყნდა მისი პირველი კომენტარი, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროებისა და პენიტენციური სამსახურის პასუხის შემდეგ.

„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას. რაც უნდათ ის ქნან“, - დაწერა ხოშტარიამ.

„ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ! „სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, - წერს პოლიტიკოსი.

რა თქვა ადვოკატმა

ადვოკატმა 17 ივნისს განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება. შოთა თუთბერიძის თქმით, გაუარესება შეინიშნება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

„ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხოშტარია წინააღმდეგი იყო, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ ესაუბრათ, თუმცა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ციხის სამედიცინო პერსონალმა, ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება“.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“:

„ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს“, - განაცხადა სამსახურმა.

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის,ი კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განსხვავებული აზრის დასჯად მიიჩნევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯას საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ხოშტარიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და 80-ე მუხლის პირველი ნაწილით, საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება 1000 ლარის ოდენობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG