კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბორისპოლის და ვიშგოროდის რაიონებში დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება, ანგარი და საწარმო. მსხვერპლი არ არის. სამხედრო ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რომელი საწარმო იყო დარტყმის ქვეშ.
საწარმოზე შეტევა დაადასტურა პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამაც. კონკრეტული საწარმოები არც მას დაუსახელებია. უკრაინის ამ რეგიონში, ქალაქების, პოლტავის და მირნოგრადის რაიონებში დაზიანებულია სახლებიც, საწყობები და ენერგოობიექტი. დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კერძო საწარმოზე დარტყმა იყო ქალაქ დნიპროშიც. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ადამიანი. კონკრეტული საწარმო არც ამ რეგიონის ადმინისტრაციას დაუსახელებია.
რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ სუმის რაიონზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაზიანებულია სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 18 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 7 ბალისტიკური რაკეტით და 239 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 4 რაკეტის და 212 დრონის მოგერიება და ორი რაკეტით და 26 დრონით პირდაპირი დარტყმა ცხრა ადგილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივნისს დილით განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად” პოლტავის ოლქში დაარტყეს ზატურინოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში - საწვავის საწყობს.
- რუსეთი „ტერორისტულს” უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან განხორციელებულ შეტევებს, კიევისთვის კი ეს არის „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
18 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე.
ფორუმი