კიევის თანახმად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 18 ივნისს განხორციელებული შეტევა უკრაინის არმიის სპეცოპერაციების ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო დაზვერვის ერთობლივი ოპერაცია იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სულ მცირე ხუთ წერტილში. მათ შორისაა ნავთობის გადამუშავების კომბინირებული და მეორადი დანადგარები და რეზერვუარების პარკი.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 18 ივნისს თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავ „გუკოვოსაც“.
უკრაინის თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის „სრულიად სამართლიანი პასუხი“ უკრაინის ქალაქებსა და თემებზე რუსეთის დარტყმების გამო.
18 ივნისს დილით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „რამდენიმე უპილოტომ შეძლო მიღწევა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე“ და იღებენ „ზომებს შედეგების ლიკვიდაციისთვის“.
სობიანინს არ უთქვამს, რა მასშტაბისაა ეს შედეგები. სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, დრონებით შეტევამ ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება გამოიწვია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს 16 ივნისსაც.
- სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ამ შეტევის შემდეგ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
- კომპანია „გაზპრომ ნეფტის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვის კაპოტნიას რაიონში მდებარეობს.
- საჯარო წყაროების თანახმად, ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 11 მილიონი ტონაა, მოსკოვს უზრუნველყოფს ბენზინის 40%-ით და დიზელის საწვავის 50%-ით და მოსკოვის აეროპორტებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.
- ქარხანა წარმოებული პროდუქციის 80%-ს აწვდის მოსკოვს და მოსკოვის ოლქს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მოსკოველებს მიმართა, პუტინს ჰკითხონ, როდის აპირებს ომის დასრულებას.
18 ივნისს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დილით მოსკოველებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეკითხვაა, რა ხდება?
„შემიძლია გიპასუხოთ. თქვენმა ქვეყანამ აგრესიული ომი დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წლებია კლავს ჩვენს ხალხს. ახლა, როცა იცით რა ხდება, ჰკითხეთ პუტინს, როდის გეგმავს ამის დასრულებას“.
18 ივნისს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. კიევის, პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნეებს შორის იყო რამდენიმე საწარმო. უკრაინულ მხარეს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთ-ერთი იყო პოლტავის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ფორუმი