ევროსაბჭოს კომისრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესებული მზარდი შეზღუდვები, ასევე 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობა.
ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ო’ფლაჰერტის შეხვდა "ქართული ოცნების" ფაქტობრივად ყველა მაღალჩინოსანს - „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, მაშინდელ შს მინისტრ გელა გელაძეს, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და სხვებს.
12-გვერდიანი მემორანდუმი აერთიანებს ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს:
- სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულების არარსებობას;
- დემოკრატიული თავისუფლებების მზარდ შეზღუდვებს;
- ასევე გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ კომისარმა საქართველოს მთავრობას მისცა რეკომენდაცია, საპროტესტო აქციების დროს ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები გამოეძიებინათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად.
„რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა და დაზარალებულებს მიეცეთ სრული კომპენსაცია.“
გამოძიებასთან ერთად კომისრის რეკომენდაციები მოიცავს სამართალდამცავებისთვის თვალსაჩინო და ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარებასაც, რაც, კომისრის შეფასებით, „გააძლიერებს ანგარიშვალდებულებას.“
„კომისარს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამართალდამცველებს დაავალდებულებთ, ატარონ თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომრები.“
2024 წლის აქციები
მაიკლ ო’ფლაჰერტი მემორანდუმში ასევე ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს წყლის ჭავლში შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხსაც და აღნიშნავს, რომ „კომისარმა წერილით მიმართა გენერალურ პროკურორს და ხაზი გაუსვა ამ ქმედების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების აუცილებლობას.“
კომისარი მემორანდუმში წერს - „რამდენიმე ოფიციალურმა პირმა - მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დაადასტურეს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, თუმცა უარყვეს, რომ გამოყენებული იყო მედიაში ნახსენები ტოქსიკური ნივთიერება [„კამიტი“]“
როგორც მაიკლ ო’ფლაჰერტი ამბობს, ხელისუფლებამ მას აცნობა, რომ საპოლიციო მოქმედებები 2024 წელთან და 2025 წლის დასაწყისთან შედარებით გაუმჯობესდა, „მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცვლილებების შედეგად.“
თუმცა კომისარი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მიმართ წაყენებული ბრალდებების გამოძიება მხოლოდ მცირე პროგრესით მიმდინარეობს, მაშინ, როცა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები კვლავ გრძელდება და რამდენიმე შემთხვევაში უკვე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.
მზარდი შეზღუდვები დემოკრატიულ თავისუფლებებზე
როგორც კომისარი თავის 2025 წლის მარტის მემორანდუმშიც აღნიშნავდა, საქართველოში შეკრებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო უკვე 2023 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული არაერთი ცვლილების შედეგად უფრო შემზღუდავი გახდა.
მან ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რომ გადაეხედათ ეს ნორმები და შესაბამისობაში მოეყვანათ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა „ეს რეკომენდაციები არ შესრულებულა.“
პირიქით, 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებულმა ახალმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა შეკრების თავისუფლების განხორციელების წესები.
გაიზარდა ჯარიმები, გაფართოვდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა, 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.
კომისარი ხაზს უსვამს, რომ თავისუფლების აღკვეთა შეკრებების კონტექსტში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს და ასეთი ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა სერიოზულ კითხვებს აჩენს პროპორციულობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
კომისარი მიუთითებს, რომ „ეს დებულებები, ასევე არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტებს ტროტუარზე დგომისთვის აჯარიმებენ ან აკავებენ, აჩენს კითხვებს - დარჩა თუ არა საკმარისი სივრცე მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალურად განხორციელებისთვის.“
საბოლოოდ კომისარი მიიჩნევს, რომ „2023 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული თანმიმდევრული საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ერთიან და მზარდ ტენდენციას, რაც სერიოზულ შეუსაბამობას აჩენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან.“
მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მიუთითებს, რომ „ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, სახალხო დამცველისა და თავად კომისრის მიერ არაერთხელ გაცემული რეკომენდაციები ხელისუფლების საკანონმდებლო მიდგომაში არ აისახა.“
გაერთიანების თავისუფლება
„2025 წლის მარტში კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რომ შეეწყვიტათ უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია და გაეუქმებინათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი“, - თუმცა, არათუ მთავრობამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, „მიიღო დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოურ გავლენასთან“ დაკავშირებით და დაიწყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის გამოძიებები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ“ - მათ შორის უცხოური დაფინანსების მიღებისა და სავარაუდო „საბოტაჟში“ ჩართულობის ბრალდებებით.
„საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, უცხოურ გავლენასთან დაკავშირებული კანონმდებლობა აუცილებელია, რათა შეაჩეროს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში რევოლუციის მოწყობის განმეორებითი მცდელობები“, - ნათქვამია მემორანდუმში.
გრანტების კანონი
კომისარი ამ მემორანდუმში საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გამკაცრებული კანონმდებლობის უკვე დამდგარ შედეგებზეც - „გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, არაერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა შეეწყვიტა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა. შედეგად, მრავალ ორგანიზაციას საქმიანობის შემცირება მოუხდა“. მაგალითად მოჰყავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც შეაჩერა უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში ასობით ადამიანს ეხმარებოდა.
მაიკლ ო’ფლაჰერტი ეხმიანება უფლებადამცველების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარებას - მიზეზით, რომ მათ საერთაშორისო მედიას ინფორმაცია მიაწოდეს წყლის ჭავლში შესაძლო ქიმიური ნივთიერებები გამოყენების შესახებ, ასევე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელთან შეხვედრის გამო.
კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ხელისუფლება და მის მხარდამჭერი ჯგუფები კვლავ აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ კამპანიას, მათ „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სთეითის“ წევრებად მოიხსენიებენ და უცხოურ დაფინანსებას საზოგადოებაში მათი მიუკერძოებელი როლის ხელის შემშლელ ფაქტორად წარმოაჩენენ.
გამოხატვის თავისუფლება
„2025 წლის მარტში კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, გაეთავისუფლებინა ყველა ის პირი, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელების გამო იყო დაკავებული, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და უზრუნველეყო, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად და უსაფრთხოდ ემუშავათ.“
კომისარი მიუთითებს, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.
მაიკლ ო’ფლაჰერტი ეხება ცილისწამების განმარტებასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე - ანუ განცხადების ავტორმა თავად უნდა ამტკიცოს, რომ მისი ნათქვამი არსებითად მცდარ ფაქტებს არ შეიცავს. კომისარი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას და ამბობს, რომ შეიძლება ამ ყველაფერმა „თვითცენზურის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.“
რეკომენდაციები
მემორანდუმში ნახსენებ პრობლემებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გასცემს რეკომენდაციებს - რომ სწრაფად მიიღონ და პრაქტიკაში ეფექტიანად განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავების ვალდებულებას,:
- ატარონ თვალსაჩინო და ინდივიდუალურად გამორჩეული საიდენტიფიკაციო ნომრები;
- აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყოს სრულყოფილი;
- წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ გამოძიება იყოს სრულყოფილი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.
კომისარი „ქართული ოცნების“ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს, გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოითხოვს იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც ითვალისწინებს არაპროპორციულ ადმინისტრაციულ პატიმრობას და განმეორებითი პროტესტთან დაკავშირებული ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, და ხაზს უსვამს, რომ თავისუფლების აღკვეთა შეკრებების კონტექსტში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ინდივიდუალურად შეფასებული გარემოებების საფუძველზე.
14-15 აპრილს თბილისში ვიზიტის დროს მაიკლ ო’ფლაჰერტი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ თეა ახვლედიანს, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
ფორუმი