Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა 2024 წელს პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების მიმართ შესაძლო წამების პრაქტიკაზე

აქციის დაშლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2024 წლის 30 ნოემბერი
აქციის დაშლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2024 წლის 30 ნოემბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომელიც "2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს შეეხება".

დღეს, 20 აპრილს, ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საჩივარი 17 აპრილს გაიგზავნა ოთხი მომჩივნის სახელით.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების დროს

  • დემონსტრანტების მიმართ ხდებოდა სისტემური წამება და არასათანადო მოპყრობა (ცემის, შეურაცხყოფის, მუქარის სახით);
  • ეს არ იყო ცალკეული შემთხვევები, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და კოორდინირებული;
  • ძალადობა მიზნად ისახავდა პროტესტის ჩახშობას და მონაწილეების დაშინებას;
  • სამართალდამცავები მოქმედებდნენ დაუსჯელად, ხოლო სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან გამოძიებას;
  • გამოძიება არის ფორმალური:
    • არასწორი მუხლებით მიმდინარეობს;
    • სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებული არ არიან.

"საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი). ამ მიმართულებით დავა, სამართალწარმოების კუთხით სიახლეა, და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად საჩივრდება სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში."

"საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი“, – აცხადებს საია.

როგორც ორგანიზაციის ოფისში დღეს, 20 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საიას თავმჯდომარე თამარ ონიანმა:

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ

  • "ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას;
  • დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა;
  • ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში, სადაც ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ ხელთათმანით, ფეხით, კეტით თუ სხვა ნივთების გამოყენებით, მსხვერპლებს ურტყამდნენ ძირითადად თავისა და სახის არეში;
  • ართმევდნენ ნივთებს;
  • აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით;
  • ამის შემდეგ დაზიანებული პირები გადაეცემოდათ სხვა პოლიციელებს და გადაჰყავდათ განყოფილებებში, სადაც დაკავებაზე ძირითადად ყალბ ოქმებს ადგენდნენ.“


საჩივართან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები


პირველი მომჩივანი 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ნიღბიანმა ოფიცრებმა, რომლებმაც ის საზოგადოების თვალს მიღმა, სპეციალურად მოწყობილ „სადამსჯელო მიკროავტობუსში“ მოათავსეს. მომჩივანს მრავალჯერადად სასტიკად სცემდნენ მუშტებით, ფეხებითა და რეზინის ტყვიის იარაღის ლულებით, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. პოლიციის ოფიცრები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უწოდებდნენ „მოღალატეს“ და ემუქრებოდნენ ცოცხის, ხელკეტებისა და მაშხალების გამოყენებით გაუპატიურებით, ასევე, მისი მეუღლისა და შვილების დაზიანებით/გაუპატიურებით. მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის დეფორმაცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD).

მეორე მომჩივანს 2024 წლის 28 ნოემბერს გდდ-ის ოფიცრებმა სცემეს, რის შემდეგაც გაატარეს ე.წ. პოლიციის დერეფანში“, სადაც მას სპეციალური ხელთათმანებით გამძაფრებული ტკივილის მიყენებით ურტყამდნენ თავში, სახეში, ნეკნებსა და ზურგში. პოლიციის მიკროავტობუსში ცემის შედეგად ცხვირი გაუტყდა და უხვად სდიოდა სისხლი. დაკავების იზოლატორში, 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მას არ მიეცა საავადმყოფოში გადაყვანის უფლება, მიუხედავად განმეორებითი მოთხოვნებისა.

მესამე მომჩივანს 2024 წლის 29 ნოემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრები თავს დაესხნენ და ურტყამდნენ თავში, სახესა და მხარზე, რის შედეგადაც მას მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა და რამდენჯერმე გონება დაკარგა. ტრანსპორტირებისას მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. დაკავების დროს მობილური ტელეფონი წაართვეს, რაც მას უკან აღარ დაჰბრუნებია.

მეოთხე მომჩივანს 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით შვიდი ნიღბიანი ოფიცერი ურტყამდა თავში, ზურგსა და ტანში. მას აყენებდნენ ჰომოფობიურ და დამამცირებელ შეურაცხყოფას.


რას მოითხოვს საია

საია ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს, რათა აღიაროს, რომ მოხდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, კერძოდ:

  • წამება და არაადამიანური მოპყრობა;
  • შეკრების თავისუფლების დარღვევა;
  • დისკრიმინაცია;
  • საკუთრების უფლების დარღვევა;
  • ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
  • დაადგინოს, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა და არა ინდივიდუალური შემთხვევები;
  • შეაფასოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის არაეფექტიანი გამოძიებისთვის.

შექმნას საფუძველი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისთვის, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა აღარ განმეორდეს.



რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცავები უხეში ძალის გამოყენებით, ცრემლმდენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით შლიდნენ.

მასშტაბური აქციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, - რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ს მიერ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რამდენიმე წყაროზე - შსს-ის მამხილებლების მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ჯანმრთელობის კვლევასა და საერთაშორისო ტოქსიკოლოგების მოსაზრებაზე - დაყრდნობით, გამოითქვა ვარაუდი, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცავებმა შესაძლოა გამოიყენეს ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს გამოძიების მიგნებებს "აბსურდული" უწოდა და საპასუხოდ საკუთარი გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის - "კამიტის" - სავარაუდო გამოყენების შესახებ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ის ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“.

საქართველოში ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა (ევროკავშირი, აშშ-ის "ჰელსინკის კომისია") ფაქტების დასადგენად დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მონაცემებით, აქციების დაშლის შემდეგ


  • „160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
  • 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
  • 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
  • 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
  • 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების;
  • მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG