Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ გაუფორმეს „ბათუმელ მედროშეს“ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე

ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, რომ პროკურატურას მიმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით.
ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, რომ პროკურატურას მიმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ბათუმელ მედროშედ“ ცნობილ ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელმაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, შეთანხმება არ გაუფორმეს.

დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ თქვა, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, ამის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მიმართა პროკურატურას, თუმცა გაირკვა, მას ასეთი შეთანხმება არ გაუფორმეს.

პროკურორი აცხადებს, რომ იგი ბრალს არ აღიარებდა, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი პირობაა.

რა უნდოდა ჭავჭანიძეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთაგან არაერთ ადამიანს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება.

მათ შორის 6 ადამიანს იმ 14-კაციან ჯგუფში, რომლის ნაწილადაც განიხილებოდა ჭავჭანიძის საქმე.

ჭავჭანიძეს რომ საპროცესო შეთანხმება სურდა, წინა სხდომაზეც გაირკვა, თუმცა თავად ბრალდებული ამ სხდომას არ დასწრებია, რადგან გაძევებული იყო სხდომიდან.

შესაბამისად, იგი არ გამოუძახებიათ სასამართლო სხდომაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ადვოკატებმა სხდომის გადადება ითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, მოსამართლეს საბოლოო სიტყვის ეტაპის შემდეგ მხოლოდ განაჩენის გამოცხადება შეუძლია.

დღეს მოსამართლე ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებებზე მსჯელობის ეტაპი გასულია.

თუმცა პროკურატურა მას მაინც არ გაუფორმებდა საპროცესო შეთანხმებას. აი, როგორ განმარტავენ, თუ რატომ:

„ბრალს არ აღიარებდა“

სხდომის შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა:

„ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება განხორციელდებოდა იმ პირებთან, ვინც აღიარებდნენ დანაშაულს...

ზურაბ ჭავჭანიძის განცხადებაში და არც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა.

ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს“, - განაცხადა მან.

„მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ უკვე ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე იყო მოსამართლე გადასული და საბოლოო სიტყვის შემდეგ ერთადერთი, რაც სასამართლოს შეუძლია, ან განაჩენი გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს და განაჩენი გამოაცხადოს, - ამას დაემატა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულს ... არ უღიარებია წარდგენილი ბრალდება“, - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

5-5 წლით პატიმრობა

22 ივნისის განაჩენით, 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაკავებულ 8 დემონსტრანტს შეუფარდეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6-ს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

საპატიმრო განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ორშაბათს, 2026 წლის 22 ივნისს, გამოაცხადა, რასაც სასამართლო დარბაზში ბრალდებულთა და მათი მხარდამჭერების პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

„ბუმერანგად მოგიბრუნდებათ, რუსებო“, - ისმოდა შეძახილები დარბაზში.

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში სულ 14 ბრალდებული იყო.

მათგან ექვსს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დანარჩენ რვა ადამიანს კი დღეს პატიმრობა მიუსაჯეს, ესენი არიან:

  • ზურაბ ჭავჭანიძე („ბათუმელი მედროშე“) - 56 წლის;
  • ამირან დოლიშვილი - 21 წლის;
  • ვლადიმერ გველესიანი - 43 წლის;
  • ალექსანდრე ჩილაჩავა - 44 წლის;
  • გენადი კუპრეიშვილი - 44 წლის;
  • სულხან ტუღუში - 41 წლის;
  • რამაზ მამულაძე - 44 წლის;
  • ანტონ ვარდანიძე.

მათ ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, - პატიმრობაც ამ ბრალდებით მიუსაჯეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG