Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს... ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით - კობახიძე ევროპარლამენტში არმიწვევაზე

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მედიის შეკითხვის პასუხად, რომ 24 ივნისს საქართველო მიწვეული არ არის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტში, განაცხადა, რომ საქართველო ისევე, როგორც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს არაღიარების პოლიტიკას, მზადაა ასევე პოლიტიკა ევროპარლამენტის წინააღმდეგაც აწარმოოს.

"რუსეთის ფედერაცია და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით და სულისკვეთებით, ასევე იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რა ხდება?

შეკითხვაზე, მიწვეულია თუ არა საქართველოს პარლამენტი გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, გამოცემა "ევროსკოპს" ევროპარლამენტის პრესსამსახურიდან უპასუხეს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება.

"ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის საკითხებით შემოიფარგლოს, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან.

ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის", - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ "ევროსკოპისთვის" მიწერილ პასუხში.


საქართველო და ევროინტეგრაცია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანებაზე განაცხადით 2022 წლის 3 მარტს მიმართა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში. 2024 წლიდან კი საქართველოს გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერებულია".


ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG