აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 23 ივნისს ჩავიდა აბუ-დაბიში, რითიც დაიწყო სპარსეთის ყურის ტურნე - რომლის მიზანია ვაშინგტონის ახლო მოკავშირე არაბული სახელმწიფოების დამშვიდება, იმ ფონზე, როცა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულმა მყიფე ზავმა ახალი კითხვები წამოჭრა რეგიონის უსაფრთხოებისა და თეირანის სამომავლო ამბიციების გარშემო.
შემდეგი ორი დღის განმავლობაში რუბიო შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითისა და ბაჰრეინის წარმომადგენლებთან - მაშინ, როცა სპარსეთის ყურის ეს სახელმწიფოები მსჯელობენ თეირანთან დეესკალაციის შეთანხმების სამომავლო შედეგებზე.
რუბიოს ვიზიტი დამუხტულ ვითარებაში ხორციელდება. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებული შეფერხებების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვები განახლდა, მაგრამ დაძაბულობა მაინც მაღალი რჩება. ირანის წარმომადგენლები სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფოს ადანაშაულებენ აშშ-ის საბრძოლო ოპერაციების ჩუმად ხელშეწყობაში, ასევე აცხადებენ, რომ გააგრძელებენ რეგიონში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების მოთხოვნას.
სპარსეთის ყურის მონარქიებს ტრადიციულად აშფოთებს ირანის რეგიონული გავლენა - შესაბამისად, რუბიოს მისია დიპლომატიურიცაა და სტრატეგიულიც. სახელმწიფო მდივანმა მოკავშირეები უნდა დაარწმუნოს, რომ ვაშინგტონი კვლავაც ერთგულია უსაფრთხოების დაცვის პირობებისა, მაშინაც კი, თუკი იკვეთება კონტურები პოტენციურად უფრო ხანგრძლივი შეთანხმებისა თეირანთან.
"ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს სამ სახელმწიფოსთან, რომლებსაც ვესტუმრები" - თქვა რუბიომ აბუ-დაბიში ჩასვლის შემდეგ. მისი თქმით, ვაშინგტონს ამ ეტაპზე კონსულტაციების გამართვა სურს, და არა ვინმეს დარწმუნება.
"ჩვენ აქ რეალურად იმისთვის ვართ, რომ მათგან მოვისმინოთ მეტი, ვიდრე ვილაპარაკოთ. მათი მოსაზრებების მოსმენა გვინდა. ... და იმის უზრუნველყოფა, რომ მათი შეხედულებები გათვალისწინებული იყოს ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც მივიღებთ" - უთხრა მარკო რუბიომ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.
სპარსეთის ყურის სახელმწიფოები შიშობენ, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შესაძლოა საბოლოო ანგარიშით თეირანი გააძლიეროს, ან გადაუჭრელი დატოვოს მნიშვნელოვანი თემები - მაგალითად ბალისტიკური რაკეტების პროგრამების, მოკავშირე გასამხედროებული ფორმირებების, ან საზღვაო უსაფრთხოების საკითხები.
ფორუმი