Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის საზღვართან მდებარე ბელარუსის რეტრანსლატორებმა შეწყვიტა მუშაობა

ვოლოდიმირ ზელენსკი. ევიანი, 16 ივნისი, 2026.
ვოლოდიმირ ზელენსკი. ევიანი, 16 ივნისი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარზე განლაგებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებიც რუსული დრონების მართვას უწყობდა ხელს, 22 ივნისს შეწყვიტა მუშაობა. მან თქვა, რომ ამის შესახებ მას აცნობეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ და დაზვერვის სამსახურმა.

„დაშალეს თუ არა ისინი, ჯერ არ ვიცი. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს“, თქვა ზელენსკიმ.

გასულ კვირაში ზელენსკიმ მოითხოვა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ბრესტისა და გომელის ოლქებში საზღვრიდან აიღოს მინიმუმ ოთხი რეტრანსლატორი, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ამ საკითხს დიდი ხანია პირადად აყენებს: მისი თქმით, ეს „გუშინდელი ამბავი არ არის, ეს გრძელვადიანი პროცესია, რომლის უკანაც დგას მსხვერპლი მხოლოდ უკრაინის მხარიდან“. „ვინაიდან ეს მათ არაერთხელ ეცნობათ, ჩვენ საჯარო შეტყობინების სტადიაზე გადავედით“, თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ თუ ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ერთი კვირის განმავლობაში არ მოხსნის რეტრანსლატორებს, მათ უკრაინა „მოხსნის“. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ.

მან განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებას ასევე გადაეცემა სიგნალები იმის შესახებ, რომ აუცილებელია რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდების შეჩერება. ამ შემთხვევაში ის პირდაპირ არ დამუქრებია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმით და აღნიშნა: „ეს მხოლოდ სიგნალია, აქ არანაირი მუქარა არ არის. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ამას ვხედავთ“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG