უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ქარხნებზე ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივნისს დღისით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დილით თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ფრონტის ხაზიდან 1500 კილომეტრში მდებარე ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმს“ და „ბაშნეფტ-ნოვოილს“.
მანამდე ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ უფაზე დრონების მორიგი შეტევა „მოიგერიეს თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და საწარმოების უსაფრთხოების სამსახურებმა“, დრონების „ნამსხვრევები ჩამოცვივდა სამრეწველო ზონაში“, სადაც არავინ დაშავებულა და საწარმოთა „ტექნოლოგიური პროცესი არ დარღვეულა“. ხაბიროვს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ უფაში შეტევის სამიზნე იყო სწორედ „ბაშნეფტის“ ორი ქარხანა.
- რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის” შემადგენლობაში მყოფი კომპანია „ბაშნეფტის“ ქარხანა „ნოვოილს” უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს 2026 წლის აპრილშიც.
25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურეს დარტყმა რუსეთის კრასნოდარის მხარის დასახლებულ პუნქტ პოლტავსკაიაში მდებარე ნავთობის ბაზაზეც.
- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.
- დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.
- რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.
ზელენსკის თანახმად, რუსეთს არ მისცემენ უფლებას, რომ უკრაინის მიწა გამოიყენოს ომის გაჭიანურების ინსტრუმენტად და დაუსრულებელი ოკუპაციისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყირიმში ოპერაცია მკაფიოდ გათვლილია და გაგრძელდება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უზრუნველყოფს ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.
ფორუმი