აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 25 ივნისს დაასრულა სამდღიანი ტურნე სპარსეთის ყურეში, მესიჯით, რომელიც მიმართული იყო რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირეთა დამშვიდებისკენ - მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანთან დიპლომატიის მიზანი და ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის თავისუფლების მნიშვნელობა.
ბაჰრეინში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) შეხვედრის შემდეგ საუბრისას, რუბიო შეეცადა გაეფანტა შეშფოთება გამოკვეთის პროცესში მყოფი, აშშ-ირანის ჩარჩოს გარშემო - განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესში რეგიონულ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწოდებენ "ყოველი ნაბიჯის შესახებ".
რუბიოსთვის ეს სპარსეთის ყურეში პირველი ტურნე იყო მას მერე, რაც გასულ კვირაში ხელი მოეწერა აშშ-ირანის შუალედურ შეთანხმებას. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ტურნემ წარმოაჩინა როგორც შემოთავაზებული სამშვიდობო პროცესის სიმყიფე, ისე იმ არაბული სახელმწიფოების შეშფოთება, რომლებსაც ომის პერიოდში ირანმა დარტყმები მიაყენა.
"მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორიოდე საკითხი, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. რადგან ჩვენ შეთანხმება გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ჩვენ გვსურს შეთანხმება, რომელიც იქნება კარგი" - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა GCC-ის შეხვედრაზე. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანს, კატარს, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
"გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ რა გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული მოლაპარაკების პროცესში, ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესები ყოველთვის იქნეს გათვალისწინებული" - განაცხადა რუბიომ.
სპარსეთის ყურის ქვეყნები შიშობენ, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, თეირანთან გააფორმოს ვიწრო, ბირთვულ საკითხებზე კონცენტრირებული შეთანხმება - ხოლო ეს სახელმწიფოები დარჩნენ ირანის მოკავშირეთა ქსელის საფრთხის წინაშე. შუალედური შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი აწერენ ხელს, არ ახსენებს მოკავშირე ძალებს, მაგალთად ჰუთებს იემენში ან ჰეზბოლას ლიბანში. ეს დოკუმენტი არც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ეხება.
შესაბამისად, სპარსეთის ყურეში რუბიოს ვიზიტის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ თეირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა მოიცვას როგორც ბირთვული საკითხები, ისე ირანის მოკავშირეთა ქსელის, ბალისტიკური რაკეტების და საზღვაო საფრთხეების თემატიკა.
ფორუმი