Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰორმუზის სრუტიდან გემების ევაკუაცია შეჩერდა ომანის ყურეში გემზე შეტევის შემდეგ

ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სატვირთო გემები
ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სატვირთო გემები

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სატვირთო გემებისა და მეზღვაურების ევაკუაციის პროცესი შეაჩერა მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ომანის ყურეში ერთ-ერთ გემზე შეტევა იყო.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის განცხადებით, ევაკუაციის ოპერაცია შეჩერდა, სანამ დადასტურებული არ იქნება, რომ უსაფრთხოების გარანტიები ისევ მოქმედებს.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ცნობით, 25 ივნისს ომანის პორტ დაჰიტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში, დაუდგენელი ჭურვით შეტევა იყო ტაივანის კომპანია Evergreen Marine-ის სატვირთო გემზე Ever Lovely. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ყოფილა.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, სინგაპურის დროშით მცურავ ამ გემს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაარტყა და გემის ნაწილი დააზიანა.

რამდენიმე საათით ადრე ირანმა გამოაცხადა, რომ გემების გადაადგილებისთვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული დერეფნები და ამ მარშრუტებიდან გადახვევის შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ინფორმაციით, გემი, რომელზეც 25 ივნისს შეტევა იყო, ორგანიზაციის მიერ დადგენილი ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე მოძრაობდა.

  • 2026 წლის თებერვლის ბოლოდან, როცა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა კი ოპერაციის პასუხად ჩაკეტა ნავთობის, გათხევადებული გაზისა და სხვა პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე, იქ ასეულობით სატვირთო გემი და ათასობით მეზღვაური ჩარჩა.

ჰორმუზის სრუტის გახსნაა ერთ-ერთი პუნქტი შეთანხმებიდან, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ივნისში მიაღწიეს.

ამ შეთანხმების შემდეგ, 23 ივნისს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ იწყებს ჰორმუზის სრუტიდან გემების და მეზღვაურების ევაკუაციას.

17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. ის ითვალისწინებს:

  • საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანში, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.
  • რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.

ურთიერთგაგების მემორანდუმის რეალიზაციის მიზნით, 21 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის, ირანის და შუამავალი პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით.

22 ივნისს პაკისტანმა და კატარმა განაცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კავშირის არხის შექმნაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება.

საშუამავლო პროცესზე მეთვალყურეობის მიზნით შექმნილმა მაღალი დონის კომიტეტმა შეათანხმა „საგზაო რუკა“ 60 დღის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.





ფორუმი

XS
SM
MD
LG