Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას თაობაზე შეხვედრა გაიმართა ექიმებსა და პენიტენციური სამსახურის დირექტორს შორის

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი ანი ქავთარაძე, წევრი პოლიტიკური გაერთიანებისა „კოალიცია ცვლილებისთვის“, შეხვდნენ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს. შეხვედრა პენიტენციურ სამსახურში გაიმართა.

ამ შეხვედრის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

შეხვედრის შემდეგ მაკა იოსელიანმა განაცხადა, რომ ორშაბათს კვლავ მოინახულებს პაციენტს და ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება პენიტენციურ სამსახურში.

„იყო ხანგრძლივი საუბარი. დაწვრილებით საუბარი იყო ქალბატონი ელენეს მდგომარეობაზე. რატომ შეიცვალა დიაგნოზი, რა საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი. რა სჭირდება პაციენტს იმისთვის, რომ ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. შევთანხმდით, რომ დილით შევალთ პაციენტთან და 14:00 საათზე, ისევ ამ დაწესებულებაში შევხვდებით დეტალურად დასაზუსტებლად, თუ რა არის აუცილებელი, რომ პაციენტი ელენე ხოშტარია იყოს კარგად", - განაცხდა მაკა იოსელიანმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმაც. გიორგი პატარიძის განმარტებით, ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები გადაწყდება მას შემდეგ, რაც მას ექიმი მოინახულებს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მაკა იოსელიანს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდადებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს, ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევებიც და სხვა თანმდევი პროცესებიც,“ თქვა პატარიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, ორშაბათს საბოლოოდ გაირკვევა თუ არა ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხი, გიორგი პატარიძემ უპასუხა: "სავარაუდოდ, დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ ქალბატონ მაკას, ორშაბათს შევხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას".

დღეს პარტია „დროამ“, რომლის ლიდერიც არის ხოშტარია, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. საჭირო.

როგორც ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა მაკა იოსელიანმა განაცხადა 25 ივნისს პაციენტის მონახულების შემდეთ, ელენე ხოშტარიას შეენიშნება სახსრების მძიმე პათოლოგია. მისივე თქმით, ძლიერი ტკივილების გამო მან სათანადოდ ვერ მოახერხა პაციენტის გასინჯვა.

თავად ელენე ხოშტარიამ 26 ივნისს სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ პოსტში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, თავად არ მოითხოვს კლინიკაში გადაყვანას და ამ პასუხისმგებლობის აღებისკენ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG