Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

ვენესუელაში ოთხშაბათს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1430 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხორხე როდრიგესმა. ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 3360 ადამიანი.

გაეროს შეფასებით, 50 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. CNN-ი წერს, რომ მძიმე ტექნიკის ნაკლებობა და მუდმივი ბიძგები ართულებს ძალისხმევას.

როდრიგესმა მიწისძვრებს „ვენესუელაში ბოლო 123 წლის განმავლობაში განცდილი ყველაზე კატასტროფული მოვლენა“ უწოდა.

მისი თქმით, ამჟამად თავშესაფრებში 3 142 ოჯახი იმყოფება.

მან დასძინა, რომ ოთხშაბათს მომხდარ ორ მიწისძვრას 430 შემდგომი ბიძგი მოჰყვა.

როდრიგესმა მოუწოდა მოსახლეობას, დარჩნენ სახლში და თავი აარიდონ ლა გუაირას შტატში გამგზავრებას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა და სადაც მიწისძვრას ყველაზე დიდი ნგრევა მოჰყვა.

ექიმების ცნობით, საავადმყოფოები სრული დატვირთვით მუშაობენ.

BBC ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრამდეც კი ვენესუელას ჯანდაცვის სისტემა მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარაკასის მახლობლად მდებარე საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთი ასაფრენი ბილიკი ამჟამად ფუნქციონირებს, რაც სხვა ქვეყნებიდან შემოსული დახმარების ნაკადისთვის მნიშვნელოვან შეფერხებას ხსნის.

მასალების გარდა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა ადგილზე დახმარებისთვის სპეციალიზებული სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

ადგილობრივი დროით 24 ივნისის საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ჯერ 7,2, შემდეგ კი 7,5 მაგნიტუდის. ეპიცენტრი იყო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე იარაკუის შტატში.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ფორუმი

XS
SM
MD
LG