Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინა ბანდერათი ევროკავშირში ვერ შევა“ - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

პოლონეთის მთავრობა მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნაციონალისტური მოძრაობებისა და ნაციონალისტი ლიდერებისთვის პატივის მიგებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დასთანხმდება ევროკავშირში უკრაინის მიღებას.

პოლონეთის მთავრობის ამ პოზიციაზე ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 29 ივნისს ილაპარაკა ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში.

  • ბოლო ხანს ვარშავისა და კიევის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობების გამო.

პოლონეთის ვიცე-პრემიერის თანახმად, უკრაინას ევროკავშირში გაწევრების პროცესში სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“(ОУН) და „უკრაინის მეამბოხე არმიის“(УПА) ეროვნულ სიმბოლოებად გამოყენებას გააგრძელებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში მოქმედ ОУН-ს და УПА-ს, რომლებსაც მიზნად გამოცხადებული ჰქონდათ ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს ფორმირება, პოლონეთი ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელების მასობრივ მკვლელობაში.

პოლონეთის ვიცე-პრემიერის, თავდაცვის მინისტრ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრებისას ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას მოთხოვნები, მათ შორის ისტორიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით და ევროპული თანამშრომლობა ვერ დაეფუძნება პატივისცემას იმ პიროვნებებისა თუ მოძრაობების მიმართ, რომლებიც მიუღებელი არიან და ტკივილს იწვევენ მეზობელ ქვეყნებში:

„უკრაინა ბანდერათი ევროკავშირში ვერ შევა“.

სტეპან ბანდერა - მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის უკრაინელი ნაციონალისტი პოლიტიკოსი, უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ორგანიზატორი და ლიდერი.

პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოლონეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტს ევროკავშირის გაფართოების საკითხს და მას გადაწყვეტილებას ვერავინ უკარნახებს.

„ორდენის სკანდალი"

19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა ორდენი „თეთრი არწივი“, რომლითაც ზელენსკი 2023 წელს დააჯილდოვა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

ნავროცკიმ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა ახსნა მისი თანხმობით, უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის მიენიჭებინათ „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ჩამორთმეული ორდენი პოლონეთის პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნა. ზელენსკი აღარ გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა.

28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული პანთეონის შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერთიანდება და ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება სახელები იმ გმირების, რომლებიც სხვადასხვა საუკუნესა და ეპოქაში უკრაინისთვის იბრძოდნენ და უკრაინელებს ვერავინ ვერასდროს მიუთითებს, როგორ უნდა იცხოვრონ, რა ილაპარაკონ, ვინ უყვარდეთ, ვისი მადლიერი უნდა იყვნენ და რომელ გმირებს მიაგონ პატივი.

უარი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემაზე

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 29 ივნისს ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას აღარ გადასცემს მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებს.

მინისტრის თანახმად, მან უკრაინას შესთავაზა პარტნიორობაზე დაფუძნებული მიდგომა, უკრაინული დრონები გამანადგურებლების სანაცვლოდ, რასაც კიევში ჯერ დასთანხმდნენ, შემდეგ კი უარი თქვეს, ამიტომ უკრაინას „მიგებს" აღარ გადასცემენ.

კიევს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ჟურნალისტის შეკითხვას, შეცდომად ხომ არ მიიჩნევს პოლონეთის წინა მთავრობის გადაწყვეტილებას ომის საწყის ეტაპზე უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის უპირობოდ გადაცემის შესახებ, კოსინიაკ-კამიშმა უპასუხა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და თავადაც ასე მოიქცეოდა, რადგან იმ პერიოდში უკრაინა გაცილებით რთულ მდგომარეობაში იყო.





ფორუმი

XS
SM
MD
LG