"ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი გურამ როგავა არ არის დარწმუნებული, რომ პროდასავლურ აქციაზე მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელი ნამდვილად ის არის, ვინც მასზე იძალადა. ამის შესახებ როგავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
გურამ როგავას თქმით, ის სასამართლოს სხდომაზე მივიდა იმისთვის, რომ დაკავებულისთვის "თვალებში ჩაეხედა". მისი თქმით, ბრალდებულმა სპეცრაზმელმა სხდომაზე ბოდიში მოუხადა.
"სავარაუდოდ, ის პირი, რომელიც ჩემს საქმეზე დააკავეს, არ არის ჩემზე თავდამსხმელი. მისი აღნაგობა არ ემთხვევა ვიდეოში არსებულ მოქალაქეს - სპეცრაზმელის [აღნაგობას]", - თქვა როგავამ.
სხდომას ვერ დაესწრო საქმეში დაზარალებულად ცნობილი დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი. თუმცა მასაც ეჭვი ეპარება დაკავებულთა იდენტიფიცირების სიზუსტეში.
"170 ადამიანია დაზარალებულად აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დაკავებულია მხოლოდ 5 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს, გამოავლინოს ეს ადამიანები... არ ვიცი როგორ მოხდა დაკავებულების იდენტიფიცირება, არანაირი დეტალი არ ვიცით. შეუძლებელია, ვინმემ დარწმუნებით იცოდეს, ესენი არიან თუ არა ისინი ნამდვილად", - უთხრა ჟურნალისტებს მაისაშვილმა.
რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას
საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეში არის არა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, არამედ არაერთი მტკიცებულება გამოკითხვის, ვიდეოჩანაწერების, ასევე ექსპერტიზის დასკვნების სახით. და "ყველა ის პირია მიცემული პასუხისგებაში, ვინც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს".
"ყველა დაზარალებულს ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა საქმის მასალებს. მას [გურამ როგავას] შეუძლია ეს შეკითხვები საგამოძიებო უწყებას დაუსვას და ჩვენგან ამომწურავ პასუხებს მიიღებს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება, რომელი მტკიცებულება რას ადასტურებს, ამას ვერ მოგახსენებთ. საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვის სხდომები და ეტაპობრივად გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს და განვაცხადებთ, რა მტკიცებულებების საფუძველზე მივეცით ეს პირები პასუხისგებაში", - თქვა საქმის პროკურორმა მედიასთან საუბარში.
სპეცრაზმელების საქმე
2024 წლის პროდასავლური აქციების ფარგლებში, დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავეს - სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პატიმრობაშია.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
გურამ როგავასთან მიმართებით კი დაკავებულს ასევე წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
ბრალდებები, მათი დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცალკეა გამოყოფილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმე.
სპეცრაზმელების დაკავებამდე, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბრის აქციებისას როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ.
- „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
- ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი. თუმცა გაირკვა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სულ სხვა ადამიანი.
ფორუმი