Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

მარცხნიდან: შავკატ მირზიოევი და ირაკლი კობახიძე
მარცხნიდან: შავკატ მირზიოევი და ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დეკლარაციას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

"ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით.

კობახიძის განცხადებით, საქართველო უზბეკეთს "მეგობრად" მიიჩნევს, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება კი "პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის" .

კობახიძემ მირზიოევს "სამაგალითო ლიდერი" უწოდა და მადლობა გადაუხადა "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის".

თავის მხრივ, შავკატ მირზიოევმა საქართველოს უზბეკეთისთვის "მნიშვნელოვანი პარტნიორი" და "სამხრეთ კავკასიაში სანდო დასაყრდენი" უწოდა.

"დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით", - თქვა მირზიოევმა.

უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერი საქართველოს პირველად სტუმრობს. ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში 2 ივლისს, ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. შავკატ მირზიოევი უკვე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც უზბეკ კოლეგას "ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა.



ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა, ახლა კი საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი სტუმრობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG