ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპული ლიბერალური პარტიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, ევროპარლამენტარები და დელეგატები.
კონგრესის პლენარულ სხდომაზე დელეგატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას - „ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა ავტორიტარული მიტაცებისა და რუსეთთან დაახლოების წინააღმდეგ“.
რა წერია რეზოლუციაში?
რეზოლუცია ითვალისწინებს მოწოდებას პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ, რომლებსაც ავტორები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ.
„მაშინ, როდესაც რეგიონი სულ უფრო მეტად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან, ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი მმართველობა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ბოლო საყრდენად და სატელიტად აქცია, შეგნებულად გაწყვიტა კავშირები დემოკრატიულ სამყაროსთან და ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს“, - ასე იწყება რეზოლუციის ტექსტი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ALDE გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლის გამო.
დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების გამო.
ALDE-ს რეზოლუციაში ყურადღებაა გამახვილებული „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის პატიმრობასა და ჯანმრთელობის გაუარესებაზე:
„ელენე ხოშტარიას სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის. [შეშფოთებაა გამოთქმული რ.თ. ] საქართველოში ALDE-სთან აფილირებული პარტიების ყველა ლიდერის სისტემური დევნის გამო - ისინი ან უსამართლოდ იმყოფებიან პატიმრობაში, ან უახლოეს თვეებში პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე აღმოჩნდებიან“.
როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და ევროპულ სახელმწიფოებს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ „ივანიშვილის რეჟიმის მიმართ მკაფიო, არაკომპრომისული პოლიტიკა“:
„დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიის უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორგანიზებაზე;
აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის მხარდამჭერებისა და იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც მას აფინანსებენ და არსებობას უნარჩუნებენ;
მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელენე ხოშტარიასთვის სათანადო, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარება, ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“.
რეზოლუციის დამტკიცებულ დოკუმენტს დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ALDE გმობს „საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელებასა და მცდელობებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნას ინტეგრირებული“.
ამასთანავე, ALDE მოუწოდებს ევროკავშირსა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან „რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეები“ და არ დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის საყოველთაო შეჩერებას: „სანაცვლოდ ყურადღება გაამახვილონ მხოლოდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე“, - ნათქვამია ALDE-ს მიერ 4 ივლისს მიღებულ რეზოლუციაში.
3-4 ივლისს, ვენაში, ALDE-ს კონგრესზე საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ორ ეტაპად განიხილეს. რეზოლუციის მიღებამდე, 4 ივლისს გაიმართა თემატური სესია „საქართველო: ბრძოლა ფუნდამენტური უფლებებისთვის ევროპის კართან. მასში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. შეხვედრის მოდერატორი იყო ALDE-ის ვიცე-პრეზიდენტი სალ ბრინტონი.
წელს უკვე მეორედ, Alde-ს კონგრესზე ცარიელი სკამი იდგა პატიმრობაში მყოფი, ოპოზიციონერი ქალის, პარტია “დროას” თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად. გასულ წელს, ALDE-ს ყრილობაზე სამი ასეთი სკამი იდგა - მაშინ ელენე ხოშტარიასთან ერთად პატიმრობაში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.
მაშინ, ყრილობის მონაწილეებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების ციხიდან გამოგზავნილი ხმოვანი ჩანაწერები მოისმინეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსების მიღებაში, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - შეუჩერდება თუ არა ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
11 ივნისს, ბრიუსელში, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად. ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უნაყოფო“ აღმოჩნდა.
მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რომელთა გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
11 ივნისის შეხვედრა კი განიხილებოდა, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის წლიურ, ბოლო, 2025 წლის 19 დეკემბრის ანგარიშში ევროკომისია მიუთითებდა, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
2026 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდება. ეს ანგარიში, თუკი თბილისმა არაფერი შეცვალა მოწოდებების მიუხედავად, სავარაუდოდ, გაიმეორებს ყველა იმ მკაცრ და უარყოფით ფორმულირებას, რაც წინა ორ ანგარიშში ჰქონდა ევროკომისიას.
რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ბრიუსელის წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.
ფორუმი