რადიო თავისუფლების ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს კი ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირი ანონიმურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უნაყოფო“ იყო.
დეტალები ასეთია:
პოზიციები გაიცვალა
„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეს“, - განუცხადა გიორგი ტაბატაძემ გამოცემა „ევროსკოპს“.
„შემდგომ უკვე გვიჩვენებს დრო“, - განუცხადა მან „ევროსკოპის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს.
კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალში მორიგი შეხვედრა, გიორგი ტაბატაძემ თქვა: „ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს“.
დამაზუსტებელ კითხვაზე თქვა: „პოზიტიურად ვარ განწყობილი, დიახ“.
დიალოგი სავიზო საკითხზე
გიორგი ტაბატაძე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი.
სწორედ ის ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად.
ეს მოჰყვა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.
ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებული ეს შეხვედრა ჩატარდა ბოლო წლებში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების, ურთიერთბრალდებების, სავიზო სანქციების, საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლის“ არაერთხელ ხაზგასმისა და კურსის ცვლილებაზე უშედეგო მოწოდებების ფონზე.
რას ამბობენ ბრიუსელში
ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უნაყოფო“ აღმოჩნდა.
მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
ამ წყაროს ცნობით, როდესაც გიორგი ტაბატაძესა და მის გუნდს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო.
ამრიგად, თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავად განსაჯონ პოლიტიკური მზაობა.
ამავე წყაროს თანახმად, დღევანდელი დელეგაციის მაქსიმუმი იყო იმის ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობს აღნიშნული რეპრესიული კანონები.
რადიო თავისუფლებასთან ეს თანამდებობის პირი „პროპაგანდას“ უწოდებს დელეგაციის საუბრის პუნქტებს, თუ როგორ ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები რეჟიმის ცვლილებას და ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას.
წყაროს ცნობითვე, თბილისი ამტკიცებს, რომ „მკაფიო სფეროები“ არსებობს, რადაც შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, - თუმცა ეს, წყაროს შეფასებით, უკიდურესი მინიმუმია, - და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას.
კონტექსტი
რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ბრიუსელში წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.
11 ივნისის შეხვედრა კი განიხილებოდა, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
შეხვედრამდე 2 დღით ადრე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროპულ ბიუროკრატიასა“ და „ადგილობრივ აგენტურაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“ ის, რომ „ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით“.
2025 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ ერთობლივად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.
ევროკავშირის საბჭომ - უნგრეთის გამოკლებით - მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას:
- „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი,
- გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა,
- მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,
- შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად“.
ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ამ მოთხოვნების შესრულებაზე, უწოდებს შიდა, სუვერენულ საქმეებში ჩარევას და „შანტაჟად“ აფასებს.
ფორუმი