Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია მაკრონს, ასადის შემდგომ პერიოდში პირველ დასავლელ სახელმწიფო მეთაურს ელოდება

სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ. პარიზი. 2025 წლის 7 მაისი
სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ. პარიზი. 2025 წლის 7 მაისი

სირიამ 5 ივლისს განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტს ელოდება.

ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფო მეთაურის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც სირიის ახალი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა მოვიდა ხელისუფლებაში 2024 წელს.

სირიის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება, რომ „მაკრონი, სავარაუდოდ, სირიას ეწვევა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზებისა და საერთო ინტერესის საკითხების განსახილველად“. ვიზიტის თარიღი არ არის დაკონკრეტებული.

ცნობაზე, რომელსაც Reuters-თან ერთად AFP-ი ავრცელებს, საფრანგეთის პრეზიდენტის სამსახურს კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.

საფრანგეთის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ეწვია, ნიკოლა სარკოზი იყო 2009 წელს, სანამ ხანგრძლივი მმართველი ბაშარ ალ-ასადი სასტიკად არ ჩაახშობდა დემოკრატიის მომხრე საპროტესტო აქციებს 2011 წელს, რამაც გამოიწვია კონფლიქტი, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და გაანადგურა სირია.

SANA-ს ცნობით, მაკრონის დელეგაციში იქნებიან "ინვესტორები და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლები“ და ასევე განხილული იქნება „რეგიონული და საერთაშორისო“ მოვლენები.

განცხადება გაკეთდა ხუთშაბათს დამასკის კაფეში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ყველაზე ბოლო გამოწვევაა სირიის ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც 13 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს.

გასული წლის დასაწყისში, კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი გახდა პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ეწვია დამასკს 2024 წლის დეკემბერში ასადის დამხობის შემდეგ.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი იქ იანვარში იმყოფებოდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - აპრილში.

თუმცა, მაკრონი ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი მეთაური და გავლენიანი დასავლელი ლიდერია, რომელიც სირიის დედაქალაქში ჩავიდა გასულ წელს პარიზში შარაასთვის გაწეული მასპინძლობის შემდეგ, მიუხედავად დავისა „ალ-ყაიდის“ სირიის ფილიალის ყოფილი ლიდერის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო მოღვაწე გახდა.

ეს ვიზიტი წინ უძღოდა შარაას ვიზიტს ვაშინგტონში გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად.


ამ წლის დასაწყისში დამასკმა კონტროლი დაამყარა ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ქურთების კონტროლის ქვეშ იყო და ქურთები დათანხმდნენ მათი სამოქალაქო და სამხედრო ინსტიტუტების სახელმწიფოში ინტეგრაციას, რამაც დარტყმა მიაყენა მათ ავტონომიისკენ სწრაფვას.

საერთაშორისო მხარდაჭერით, სირიელი ქურთები სამოქალაქო ომის დროს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტურ დაჯგუფებასთან ბრძოლაში საკვანძო როლს თამაშობდნენ, რამაც 2019 წელს იქ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება გამოიწვია.

მაკრონი მოუთმენლად ელის, რომ შარაამ შეასრულოს თავისი დაპირება უმცირესობების დაცვის შესახებ, გასულ წელს რელიგიურ ნიადაგზე სისხლისღვრის შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ალავიტები და დრუზები ცხოვრობენ.

საფრანგეთს, რომელიც თვითონ იყო” ისლამური სახელმწიფოს” სისხლიანი თავდასხმების სამიზნე, სავარაუდოდ, დღის წესრიგში ექნება ჯიჰადისტებთან ბრძოლა მას შემდეგ: რაც სირია გასულ წელს შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას ექსტრემისტული “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ.

სირიის მიწაზე ფრანგი ჯიჰადისტების მცირე რაოდენობა კვლავ იმყოფება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG