რა და როდის თქვა ბაჩო ახალაიამ?
ამის ასახსნელად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს „4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“ დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის მთავარ ორგანიზატორობასა და ხელმძღვანელობას უყენებენ ბრალად.
ამ საქმის განხილვა გრძელდება და პროკურატურის მოთხოვნით ეს პროცესი დახურულია. სწორედ სხდომის დახურვას აპროტესტებდა ბაჩო ახალაია 2026 წლის 16 თებერვლის სასამართლოზე, რა დროსაც მან თქვა:
"მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს".
ახალაია ბრალს არ აღიარებდა და სასამართლო სხდომების საჯაროობას მოითხოვდა. მას სურდა, საზოგადოებას ენახა, რომ „მის წინააღმდეგ სუსსა და პროკურატურას მტკიცებულებები არ ჰქონდა“.
საქმის პროკურორმა სხდომების დახურვის მიზეზად მოწმეების უსაფრთხოება დაასახელა. 4 ოქტომბრის ორგანიზატორობის საქმეზე ბაჩო ახალაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
განცხადება, რომელიც ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა, ბაჩო ახალაიამ იმ დროს გააკეთა, როცა პროცესი ჯერ კიდევ ღია იყო. სხდომას ესწრებოდნენ და უსმენდნენ ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, ჟურნალისტები, და მხარეების წარმომადგენლები.
იმავე დღეს ბაჩო ახალაიას წარმოთქმული სიტყვა სოციალურ ქსელსა და მედიაში მოხვდა.
სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ჩანაწერები, რომელიც კანონში 2025 წელს გაჩნდა, სხდომაზე დამსწრეებს აუდიოს ჩაწერასა და ვიდეოგადაღებას უკრძალავს. სხდომის მდივნის ხელმძღვანელობით იწერება აუდიოოქმი.
ამ განცხადებიდან თვე-ნახევარში სუსმა გამოძიება დაიწყო და ახალი ბრალი წაუყენა ბაჩო ახალაიას - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლით; ეს დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მოწმეები და მტკიცებულებები
ამ საქმის არსებითი განხილვა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა, რადგან ბევრი არაფერი იყო საკვლევი. ბაჩო ახალაია არ უარყოფდა, რომ თქვა ის, რაც თქვა, თუმცა მისთვის ამ ნათქვამის ინტერპრეტაცია იყო მიუღებელი.
ამ საქმეზე დაიკითხნენ ბადრაგები და მანდატურები, რომელთა თქმითაც, ნამდვილად მოისმინეს, რომ ახალაიამ დამხობისკენ მოუწოდა. არ დაუკითხიათ მოსამართლეები და პროკურორები, რომლებმაც ასევე მოუსმინეს ბაჩო ახალაიას სიტყვას, თუმცა „სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე“ საქმის აღძვრა არ უფიქრიათ.
„თუ დანაშაულის ნიშნები იყო აქ და დანაშაული ჩაიდინა [ბაჩო ახალაიამ - რ.თ.], სასამართლო დარბაზში ისხდნენ საკმაოდ კვალიფიციური იურისტები - 2 პროკურორი და მათ შორის მოსამართლე, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს და საკმაო იურიდიული განათლება და კვალიფიკაციაც. არცერთ მათგანს, სასამართლო დარბაზში, როდესაც ბაჩო აკეთებდა განცხადებას, დაახლოებით 53 წამის განმავლობაში, არ მოუწოდებია რომ ის შეჩერებულიყო და შეეწყვიტა საუბარი“, - ამბობს ბაჩო ახალაიას ადვოკატი გია გოროზია.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ საქმის განხილვისას პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ ცნო, მათ შორის ხმის ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების ჩვენებები.
„მათ კვლევა ჩაატარეს, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიას ნათქვამი სიტყვები, რომელიც სასამართლომ ოქმის სახით აუდიოფორმატში ჩაიწერა, ნამდვილად ბაჩო ახალაიასი იყო“, - ამბობს ადვოკატი.
დაცვის მხარემ ბაჩო ახალაია სასამართლოში დაკითხა, პროკურორს კითხვა არ დაუსვამს. დაკითხვის დასრულების შემდეგ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი სასამართლო სხდომებზე აღარ მოსულა.
„ჩანაწერთან დაკავშირებით რაც ჩემი სიტყვებია, არანაირი კითხვები არ მაქვს. სიტყვასიტყვით ვიმეორებ, რაც ვთქვი და ვადასტურებ“, - თქვა ბაჩო ახალაიამ.
საქმეს განიხილა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელიც დაეთანხმა პროკურატურას და მიიჩნია, რომ ბრალდებულის პოლიტიკური განცხადება სისხლის სამართლის დანაშაული იყო.
„მან მოუწოდა ყველას საჯაროდ და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ, ნებისმიერი ფორმით “, - თქვა მან.
მოსამართლემ მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობა მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების ხელშეწყობად და შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია, რის გამოც უმაღლეს სასჯელს, სამ წელს 6 თვე მოაკლო.
„ეს არის ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, როცა ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ცნება, უფლება, კრიმინალიზდა, დაკანონდა, როგორც დანაშაული“, - აცხადებს ადვოკატი გია გოროზია.
ამ სისხლის სამართლის სასამართლო განხილვის დროსაც ახალაიამ ბევრჯერ ილაპარაკა „ხელისუფლების დამხობის“ საჭიროებაზე. ყოველ ჯერზე ის იმეორებდა „ქართული ოცნების დამხობის საჭიროებაზე თავის აზრს“ და განმარტავდა, რომ ეს არა მოწოდება, არამედ მისი პოზიცია და ამ პოზიციის გამოხატვა იყო.
“ხელისუფლების დამხობა ერთადერთ გზად მიმაჩნია ქვეყანაში ვითარებიდან გამოსასვლელად… მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს… სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ დიქტატურა არის და ვინ - არა. თუ ვთვლით, რომ ვცხოვრობთ დიქტატურაში, გვაქვს უფლება ამ დიქტატურის დამხობის“, - განაცხადა ახალაიამ 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.
პროკურორ, ანი ლეკიაშვილის მთავარი არგუმენტები ასეთია:
- ბრალდებულს უფლება არ აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატოს მაშინ, როცა მისი განცხადება, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას შეიცავს;
- განცხადება გაკეთდა საჯარო სასამართლო სხდომაზე, მიმართული იყო ადამიანთა განუსაზღვრელი წრისკენ და შემდეგ ფართოდაც გავრცელდა, ამიტომ მას საჯარო ხასიათი ჰქონდა;
- სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის არ არის საჭირო, რომ მოწოდებას რეალური შედეგი მოჰყვეს. საკმარისია თავად „საჯარო მოწოდების ფაქტი“.
„ბრალდებულმა თვითონ მოითხოვა სიტყვის თქმა, რომელიც სურდა მოესწრო პროცესის დახურვის გადაწყვეტილებამდე, რათა, ასე ვთქვათ, ხალხის რაოდენობა, დამსწრეების რაოდენობა ყოფილიყო და ეს ყველაფერი მოესმინათ მათ. როცა სხდომა დაიხურა, საერთოდ დატოვა სასამართლო“, - ამბობს პროკურორი.
კითხვაზე, რატომ არ დაწყებულა ამ დრომდე სასამართლო დარბაზში ნათქვამ სხვა კრიტიკულ განცხადებებზე გამოძიება, პროკურორი არ პასუხობს, რომ ამაზე „ინფორმირებული არაა“. არადა, ბოლო ორი წელია დემონსტრანტების სასამართლო განხილვებისას ბევრჯერ გაისმა შეძახილი „დამხობა რეჟიმს“.
დაცვის პოზიციით, თუ ბრალდებას მიაჩნია, რომ მიზანი საჯარო მოწოდება იყო, უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა შეთანხმება ჟურნალისტებთან, დარბაზში მყოფ პირებთან, პროკურორებთან ან მოსამართლესთან იმისთვის, რომ ეს განცხადება საჯაროდ გავრცელებულიყო. ადვოკატის თქმით, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.
"დაკავებამდე უთხრეს, ქვეყანა დაეტოვებინა"
„ახალაიას დაკავებამდე უთხრეს, ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომები იქნებოდა მიღებული“, - ამბობს ადვოკატი.
ბაჩო ახალაია განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, არ უსარგებლია საბოლოო სიტყვით. ეს სასამართლოები 4 ოქტომბრის აქციის საქმისგან განსხვავებით, ღია იყო.
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას წარსულში უკვე ჰქონდა მოხდილი მრავალწლიანი პატიმრობა. იგი 2012 წლის 6 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დააკავეს.
მოგვიანებით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.
2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე - 7 წლითა და 6 თვით;
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე - 9 წლით.
სასჯელების მოხდის შემდეგ, დაახლოებით 9,5-წლიანი პატიმრობის დასრულებისას, ბაჩო ახალაიამ საპატიმრო 2022 წლის 1 მარტს დატოვა.
ფორუმი