Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივნისში უკრაინაში 265 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის დარტყმებს

რუსეთის დარტყმის შემდეგები ზაპოროჟიეზე, უკრაინა, 2026 წლის 10 ივლისი
რუსეთის დარტყმის შემდეგები ზაპოროჟიეზე, უკრაინა, 2026 წლის 10 ივლისი

ივნისში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინის მასშტაბით დაიღუპა სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 1816 პირი - ეს მონაცემი 10 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაავრცელა როზმარი დიკარლომ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში. მისი თქმით, ესაა დადასტურებული მსხვერპლის ერთ თვეში აღრიცხული ყველაზე მაღალი რიცხვი მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა. ამასთან, შეჭრიდან პირველ თვეებში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის მონაცემი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იყო - თუმცა ყველა შემთხვევის აღრიცხვა მაშინ არ მომხდარა.

გაეროს მონაცემებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთო ჯამში დაიღუპა სულ მცირე 16 402 მშვიდობიანი მოსახლე, მათგან 802 - ბავშვი. გაერო აქაც აცხადებს, რომ მსხვერპლის რეალური მონაცემი სავარაუდოდ უფრო დიდია.

დიკარლოს თანახმად, ივლისში გრძელდება მსხვერპლის რიცხვის მატების ტენდენცია. მხოლოდ კიევში 2 ივლისის ღამით განხორციელებულ დარტყმებს 31 ადამიანი შეეწირა, კიდევ 28 ადამიანი დაიღუპა 6 ივლისის ღამეს.

გაეროს მაღალჩინოსანმა ასევე მოიტანა რუსეთის ხელისუფლების მონაცემები - რომ წლის დასაწყისიდან რუსეთში უკრაინის დარტყმებს ემსხვერპლა 250 მშვიდობიანი მოქალაქე. კონკრეტულად ივნისის მონაცემები ცნობილი არ არის. ასევე გაურკვეველია ეს რიცხვი თუ შეიცავს მსხვერპლს, რომელიც მოდის რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG