13 ივლისს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. რუსეთმა ერთ-ერთ სამიზნედ ჩერნომორსკის პორტი დაასახელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, ჩერნომორსკში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და საწვავის შესანახად იყენებდნენ და ორ ბორანს და ერთ კონტეინერმზიდს, რომლებიც ტვირთებს აწვდიდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით რამდენჯერმე გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთის ჯარებმა რაკეტები და დრონები გაუშვეს ოდესის ოლქის, მათ შორის ჩერნომორსკის მიმართულებით.
სარდლობის მიერ 13 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 3 მართვადი საავიაციო რაკეტით და 134 დრონით, დილის ათის ნახევრისთვის დადასტურებული იყო სამივე რაკეტის და 123 დრონის მოგერიება და 6 დრონით პირდაპირი დარტყმა ხუთ ადგილზე. საჰაერო ძალების ცნობით, დილით ოდესის ოლქზე იყო განმეორებითი საჰაერო დარტყმა.
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციას და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ჩერნომორსკის პორტზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის მიერ 13 ივლისს დილით სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი და ავტოსატრანსპორტო საწარმო, სადაც ავტობუსები დაიწვა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია სანატორიუმის შენობაც. დაშავდა ოთხი ადამიანი - ორი ავტოპარკის და ორი სანატორიუმის ტერიტორიაზე.
ფორუმი