Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩინეთისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვა დავიწყეთ - ალიევი

„აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა გარკვეული სამხედრო პროდუქცია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
„აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა გარკვეული სამხედრო პროდუქცია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ჩინეთთან „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ჩინური სამხედრო ტექნიკის შესყიდვა დაიწყო.

„გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემმა ოფიციალურმა ვიზიტმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერამ ჩვენი თანამშრომლობის ძალიან სერიოზული გაღრმავება გამოიწვია ყველა სფეროში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 13 ივლისს ყარაბაღში, ქალაქ შუშაში გამართულ მედიაფორუმზე.

„ეს მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ყველა სხვა სფეროს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამით და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალიევმა.

„აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა გარკვეული სამხედრო პროდუქცია. ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილი იყო ჩვენი [ყარაბაღის მეორე ომში] გამარჯვების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე. დანარჩენი ამჟამად მიეწოდება ჩვენს ქვეყანას, ზოგიერთი პროექტი კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია“.

  • 2025 წლის 8 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების მეხუთე წლისთავზე, ბაქოში სამხედრო აღლუმი გაიმართა;
  • აღლუმზე წარმოდგენილ ტექნიკას შორის იყო ჩინური წარმოების შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემა HQ-9;
  • აზერბაიჯანს ასევე შესყიდული აქვს ჩინურ-პაკისტანური წარმოების ავიაგამანადგურებელი CAC/PAC JF-17 Thunder.
ჩინური HQ-9B ბაქოში, აღლუმის რეპეტიციისას
ჩინური HQ-9B ბაქოში, აღლუმის რეპეტიციისას

„ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „აზერბაიჯანში ახლა უფრო მეტი ჩინური კომპანია ოპერირებს. ზოგიერთი მათგანი უკვე ახორციელებს მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, ზოგი კი მონაწილეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დეკლარაცია აქვს მიღებული სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და საქართველოსთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG