რუსეთის ჯარებმა 15 ივლისს მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზედიზედ მეხუთე დღეა, რუსეთი რაკეტებით და დრონებით უტევს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო, სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურას.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ცნობით, 15 ივლისს სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ოდესაში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და ექვსი დაშავდა.
ოდესაში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობაც, ერთი-ერთი საწარმოს მზა პროდუქციის საწყობი და გაზსადენი. 15 ივლისის დილის მონაცემებით, ხანძრები ლიკვიდირებული იყო.
კიპერის ცნობითვე, ოდესის ოლქის სამხრეთში რუსული დრონებით დარტყმის შედეგად დაზიანებულია ავტოგასამართი სადგური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 15 ივლისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ოდესის პორტში დაარტყეს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარებს და ორ საამქროს, სადაც დრონებს აწარმოებდნენ, ხოლო ჩერნომორსკის პორტში სატვირთო გემს და კონტეინერმზიდს, რომლებსაც უკრაინის არმიისთვის ტვირთები უნდა მიეწოდებინათ.
ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ უკრაინას არაფერი უთქვამს.
რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქის პორტებზე მასირებული შეტევა მიიტანეს 14 ივლისს საღამოსაც.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმის დროს დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი სატვირთო გემიც, რომლის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
რამდენიმე საათით ადრე რაკეტებით და დრონებით შეტევისას დარტყმა იყო ტანზანიის და ლიბერიის დროშებით მცურავ სატვირთო გემებზე. ერთის კაპიტანი დაიღუპა. დაშავდა სამი მეზღვაური.
უკრაინის დარტყმები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“
უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ („მადიარი“) 15 ივლისს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 14-დან 15 ივლისის ღამით რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ოც გემს დაარტყეს შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად.
ბროვდის თანახმად, ამ გემებს შორის 17 ნავთობ-ტანკერია, 2 გაზის გადამზიდავი ტანკერი და 1 ბუქსირი.
უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ინფორმაციით, მანამდე, ბოლო დღეებში აზოვის ზღვაში დაარტყეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საერთო ჯამში 116 გემს. სხვა წყაროებით ეს მონაცემები გადაუმოწმებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად აქვეყნებს ჩამონათვალს იმ რაიონების, სადაც მისი ინფორმაციით, უკრაინულ დრონებს იგერიებენ. ჩამონათვალში მუდმივად არიან შავი და აზოვის ზღვების აკვატორიები. თავდაცვის სამინისტრო როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და შესაბამისად, არც შედეგებს.
ფორუმი