Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელმაც, ნასვამმა, მანქანით დედა-შვილი იმსხვერპლა

შსს-ისა და პროკურატურის თანახმად, მძღოლი ნასვამი მართავდა ავტომობილს
შსს-ისა და პროკურატურის თანახმად, მძღოლი ნასვამი მართავდა ავტომობილს

პროკურატურა 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრალი წარუდგინეს „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს“, რომელმაც გორში დედა-შვილი იმსხვერპლა.

ორი დღით ადრე, 13 ივლისს, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქალსა და ბავშვს დაეჯახა.

ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა.

შსს-ისა და პროკურატურის თანახმად, ის ნასვამი მართავდა ავტომობილს.

მას ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით: „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოში მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

  • ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი დაიღუპა.
  • მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
  • იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG