15 ივლისვს საღამოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, სოციალურ ქსელში დე ფაქტო დაადასტურა გადადგომის შესახებ ინფორმაცია და მინისტრობის პერიოდში მოღვაწეობის შედეგები შეაჯამა. „დიდი პატივი იყო უკრაინელი ხალხის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მსახურება“, წერს ფედოროვი. მისი გუნდის მიღწევებს შორის იყო Starlink-ის რუსული სამხედროებისთვის გათიშვა. ფედოროვმა პირდაპირ მიმართა SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, და ხაზი გაუსვა რუსების მიერ Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების უკანონო გამოყენებას. კომპანიამ მიიღო ზომები, რომლებმაც, როგორც უკრაინელი, ასევე რუსი კომენტატორების აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის ჯარების წვდომა ამ ტექნოლოგიაზე, რითაც გაამყარა უკრაინის პოზიცია, ძირითადად, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების სფეროში. ფედოროვმა ასევე აღნიშნა დრონების შეძენა საშუალო და შორი დისტანციის დარტყმებისთვის, ასევე ე.წ. „ლოგისტიკური ლოკდაუნი“ - ოპერაცია, რომლის დროსაც უკრაინელმა სამხედროებმა სერიოზულად შეაფერხეს ანექსირებული ყირიმის ლოგისტიკა. ფედოროვმა ასევე აღნიშნა წარუმატებლობები: „საჭირო იყო იმ ადამიანების უფრო გადამწყვეტად გათავისუფლება, რომლებიც ცვლილებებს კიდევ უშლიდნენ ხელს“, წერს ის. მას არ უხსენებია, რა თანამდებობას დაიკავებს გადადგომის შემდეგ. მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის შორის კონფლიქტის შესახებ და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიწვიოს. „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სირსკისთან კონფლიქტი იყო ფედოროვის გადადგომის მიზეზი. როგორც იტყობინებიან, თავდაცვის მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო იქნება წარდგენილი. თუმცა, ამბობენ, რომ ფედოროვი „პრეზიდენტის გუნდში დარჩება“ და ახალ თანამდებობას მიიღებს. მიხაილო ფედოროვი ცნობილი გახდა, როგორც IT მეწარმე, ხელმძღვანელობდა ზელენსკის საარჩევნო შტაბის ციფრულ განყოფილებას, შემდეგ კი გახდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე. ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი 2026 წლის იანვარში გახდა. 12 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იულია სვირიდენკოს და მისი მთელი კაბინეტის გადადგომის შესახებ განაცხადა. სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება სერჰი კორეცკი. კაბინეტის შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა. |
ფორუმი