Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ ციხე დატოვა

ლაშა ფურცხვანიძე
ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიის, „გრინ სერვის+-ის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საპატიმრო დატოვა. როგორც მან „TV პირველს“ უთხრა, გადაწყვეტილება მიიღო ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ.

„გუშინ [დავტოვე საპატიმრო]. დიახ [სამაჯურით გამომიშვეს]. უდოს კომისიის გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით... ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ“, - ამბობს ის.

რა მოხდა ვაკის პარკში

2022 წლის 13 ოქტომბერს, შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების მეორე დღეს, ვაკის პარკში ბავშვები ბურთით თამაშობდნენ. მათ ბურთი შადრევნის წყალში ჩაუვარდათ - შადრევანში ჩასულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა. ის მიღებული დაზიანებებით რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსია:

  • „2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია“.
  • „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე".
  • „თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბექა მურღულიამ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას“.
  • „2022 წლის 25 აგვისტოს, დავით თუშიშვილმა და ნუგზარ ქიტიაშვილმა [საექსპერტო კომპანიის დირექტორმა და თანამშრომელმა] შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს“.
  • „აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლაშა ფურცხვანიძე წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი“.

ამ საქმეზე დააკავეს:

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვის+-ის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

სასამართლომ ცხრა დაკავებულიდან რვა დამნაშავედ ცნო. პატიმრობა მიუსაჯეს: „გრინ სერვისი+-ის" დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს - 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილის - 3 წლით, დევი კახოიძეს - 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს - 3,5 წლით, დავით თუშიშვილს -3,5 წლით, გიორგი გობეჯიშვილს - 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს - 3 წლით, ბექა მურღვლიანს - 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG