Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაავალა

ევჰენ ხმარა 2026 წლის იანვრიდან ასრულებდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას
ევჰენ ხმარა 2026 წლის იანვრიდან ასრულებდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება ევჰენ ხმარას დაავალა. მოგვიანებით მას მინისტრობის კანდიდატად წარადგენს.

ევჰენ ხმარა 2026 წლის იანვრიდან იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ამ თანამდებობაზე ზელენსკის ოფიციალურად დღემდე არ დაუნიშნავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ევჰენ ხმარასთან შეხვედრის შემდეგ, 16 ივლისს საღამოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ხმარას დაავალა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება და თავდაცვის სფეროს რეფორმირების გაგრძელება, საჭირო იურიდიული პროცედურების დაცვის შემდეგ კი პარლამენტს მიმართავს ხმარას კანდიდატურის მხარდასაჭერად.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ხმარამ ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების ჩატარების დიდი და უპრეცედენტო გამოცდილება მიიღო და უკრაინის თავდაცვა სწორედ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრი „ალფა“ უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევს რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც.

16 ივლისს ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ალფას“ ყველაზე შედეგიანი უწოდა და განაცხადა, რომ ხმარა თავდაცვის ძალებში შიდა სიტუაციის კონტროლთან ერთად უსაფრთხოების ძალების შორი მანძილის ოპერაციებსაც გააკონტროლებს. როგორც ზელენსკიმ თქვა, ხმარას უსაფრთხოების სფეროში საკმარისი გამოცდილება აქვს, რათა არ დაუშვას ისეთი რაღაცები, რისიც გრცხვენია. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

ვიდეომიმართვაში ზელენსკის არ აუხსნია, რატომ გადაწყვიტა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლება და არც ამ ფაქტით გამოწვეული საპროტესტო აქციები უხსენებია.

რამდენიმე საათით ადრე, როცა უკრაინის პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრიორიტეტებისა და რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რადგან თავდაცვის სამინისტროსა და არმიის ხელმძღვანელობას შორის რთული დიალოგია სხვადასხვა დონეზე და საქმე მხოლოდ პიროვნებებს არ ეხება.

ფედოროვისა და სირსკის კონფლიქტი

უკრაინის თავდაცვის დღეს უკვე ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის კონფლიქტის შესახებ უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებები ადრეც წერდნენ.

ბოლო დღეებში თემა ისევ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებისა და მთავრობის წევრების ავტომატურად გადადგომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღარ აპირებს თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვის დატოვებას.

მიხაილო ფედოროვმა კიევში 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა უთანხმოება ოლექსანდრ სირსკისთან და ის დაადანაშაულა ყველა ინიციატივის დაბლოკვასა და პრობლემებზე პირდაპირ საუბრის ნაცვლად ინტრიგების ხლართვაში.

  • მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2026 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო. ფედოროვს უკრაინის საზოგადოებაში აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გარღვევას თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და დრონების შემუშავების სფეროში.

16 ივლისს, ფედოროვის პრესკონფერენციის შემდეგ გენერალმა სირსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ამაყობს 2022 წელს ჩატარებული კიევის დაცვის ოპერაციით, რომლის წყალობითაც უკრაინის დედაქალაქი შეინარჩუნეს და დღეს შესაძლებელია ქალაქში ბრიფინგების ჩატარება, კონცეფციების შექმნა და გადაწყვეტილებების მიღება.

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ოლექსანდრ სირსკი კიევის დაცვას ხელმძღვანელობდა.

გენერალმა სირსკიმ ყველას მოუწოდა კონცენტრაციისკენ ომსა და ეფექტიან სტრატეგიაზე, რომელსაც, მისი შეფასებით, კონკრეტული შედეგები აქვს.

ცვლილებები უკრაინის მინისტრთა კაბინეტში

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა მას შემდეგ გადადგა, რაც 14 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას. საკადრო ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

15 ივლისს ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, სერჰი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტს არ შეინარჩუნებს და მის ნაცვლად ზელენსკი აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს კანდიდატურის წარდგენას.

16 ივლისს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნას. პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მინისტრებიც, გარდა თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებისა.







ფორუმი

XS
SM
MD
LG