Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანზე დარტყმას განაგრძობს, თეირანმა საპასუხო შეტევის შესახებ განაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გასულ ღამით ისევ დაბომბეს ირანის ტერიტორია. თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანა რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.

ზედიზედ მეექვსე ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტევის დასრულების შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ირანში დაარტყეს ათეულობით სამხედრო ობიექტს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის და სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტებს და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. CENTCOM-ს დარტყმის კონკრეტული ადგილები და კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ავიადარტყმების შედეგად ჰორმოზგანის პროვინციაში დანგრეულია საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასისკენ მიმავალი რამდენიმე ხიდი. ამ ქალაქში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ბაზაა. ირანული მედიასაშუალებების თანახმად, ბანდარ-აბასში დარტყმა იყო რკინიგზაზე და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობითვე, ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

17 ივლისს გამთენიისას ქუვეითმა, ბაჰრეინმა და კატარმა განგაში გამოაცხადეს და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედეს რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანახმად, ბაჰრეინის საავიაციო ბაზაზე დაარტყეს ამერიკულ ვერტმფრენებს და თვითმფრინავებს. შეერთებულ შტატებს ეს ცნობა არ დაუდასტურებია.

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
  • ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG