"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გუშინ 16 ივლისს ტვ "იმედთან" ინტერვიუში, როდესაც ის აფასებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში, რომელიც „პოლიტიკური ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „პოლიტიკური ტერორის აქტში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ საელჩომ „დემოკრატიისთვის შავი დღე“ უწოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.
"შეკითხვები პრემიერს მიემართება"
კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აშშ-ის საელჩოს სპესსპიკერმა რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ "შეკითხვები პრემიერს მიემართება".
"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას იმაზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დავაყენოთ, ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდისთვის", - ნათქვამია პრესსპიკერის პასუხში.
კობახიძის მიერ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისთვის რადიო თავისუფლებამ საელჩოს რამდენიმე შეკითხვით მიმართა:
- იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი აშშ-ის მთავრობას წარმოადგენდა, რა რეაგირება ექნება სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებაზე... უარყოფს ბრალდებას თუ იზიარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოსაზრებას?
- მოითხოვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტებას საქართველოს მთავრობისგან პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის ელჩის მიერ განხორციელებული ქმედებები „პოლიტიკურ ტერორს“ უტოლდებოდა?
რა თქვა ირაკლი კობახიძემ?
კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა „პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად“, - რის მაგალითადაც დაასახელა „გამჭვირვალობის კანონი“, - „აგენტების კანონი“, რომელიც პირველად 2023 წელს მიიღეს, პროტესტის შემდეგ გაიწვიეს, თუმცა მომდევნო წლიდან სხვა სახელით მიიღეს და მრავალი შემზღუდავი კანონმდებლობა მოაყოლეს.
„ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
„და თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი [კელი დეგნანი] და განაცხადა. რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“.
„ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო. ის განცხადება რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ესეც იყო პოლიტიკური ტერორის აქტი. მან სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
დეგნანი საქართველოში ელჩად ტრამპის პირველ ადმინისტრაციის დროს დაინიშნა
კელი დეგნანის კანდიდატურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა [წინა საპრეზიდენტო ვადისას] 2019 წლის სექტემბერში დაასახელა.
იმავე წლის 19 დეკემბერს აშშ სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.
დეგნანი ელჩად საქმიანობას საქართველოში 2020 წლის იანვრიდან შეუდგა. მან ამ პოზიციაზე 2023 წლის აგვისტომდე იმუშავა. შესაბამისად, მისი ელჩობის პერიოდმა ნაწილობრივ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც გასტანა.
ფორუმი