Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესასთან სარაკეტო დარტყმა იყო სატვირთო გემზე, არის მსხვერპლი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ 19 ივლისს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაზიანებული სატვირთო გემის, GOLDEN LEO-ს ფოტო
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ 19 ივლისს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაზიანებული სატვირთო გემის, GOLDEN LEO-ს ფოტო

უკრაინის ქალაქ ოდესის მახლობლად, შავ ზღვაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სატვირთო გემი, რომლის ეკიპაჟის წევრთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი დაკარგულად ითვლება.

უკრაინის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, 19 ივლისს დარტყმა იყო სიმინდით დატვირთულ, გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ გემზე, რომელზეც 18 მეზღვაური იმყოფებოდა - სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები.

კალაშნიკის ცნობით, დაიღუპა 6 მეზღვაური, 4 დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია ეკიპაჟის 8 წევრი, რომელთაგან ორი დაჭრილია.

უკრაინის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული და დარტყმა საერთაშორისო ნაოსნობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 19 ივლისს, გვიან საღამოს შეტევა იყო სამი ფრთოსანი რაკეტით. დარტყმის მომენტში სატვირთო გემი GOLDEN LEO, რომლის მფლობელი ქვეყანა თურქეთია, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გადიოდა.

განახლება: მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, 20 ივლისს დილით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათ შორისაა უკრაინის მოქალაქე, საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, რომელიც დარტყმის დროს გემზე იმყოფებოდა.

  • მხოლოდ ამ ზაფხულის დასაწყისიდან ოდესის ოლქში სატვირთო გემებზე ათამდე მსხვერპლის გამომწვევი შეტევა იყო.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ ოდესის ოლქის პორტებში მისი სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
  • თავის მხრივ, უკრაინა ხშირად ავრცელებს ცნობებს შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დარტყმის შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG