დაახლოებით 11:30 საათისთვის მოსამართლე თამარ კაპანაძემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძეს.
ის დარბაზიდან გათავისუფლდა: ჭიღლაძეს ბორკილები მოხსნეს და ბრალდებულის შემინული “ოთახიდან” გამოიყვანეს. სხდომა დასრულდა.
გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა: „ამ ჩადენილ დანაშაულს ვნანობ, რაც მოხდა… ჩემი მიზანი არ ყოფილა, ეს ასე დასრულებულიყო… ამის თქმა მინდა“.
გირაოს გადახდას სასტუმრო გეგმავს
გირაოს თანხას, სავარაუდოდ, სასტუმრო გადაიხდის:
გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა სხდომის შემდეგ თქვა, რომ ამის მზაობა „აგარანის მამულმა“ გამოთქვა და, დიდი ალბათობით, სასტუმრო გადაიხდის.
- რა მოხდა, მოკლედ: თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს.
- 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილი სტუმრებსა და სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული.
- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომლის პირველივე კადრზეა წარწერა რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უცვივდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“ - ჩანს, როგორ ურტყამს კაცი ქალს სახეში მუშტს.
- პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ვწუხვარ, რომ დაზიანება მიიღო“
სასამართლოს წინა საღამოს, 21 ივლისს, გიორგი ჭიღლაძემ გამოაქვეყნა წერილი იზოლატორიდან, რომელშიც ამბობს:
„მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.
ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“.
ფორუმი