Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TI - საქართველოს" თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით საქართველოში "91 პოლიტპატიმარია"

ბრიფინგი "სამოქალაქო  საზოგადოების ფონდის" ოფისში. მარცხნიდან შოთა თუთბერიძე (ადვოკატი), სანდრო ბარამიძე (TI საქართველო) და ლაშა ტყეშელაძე (ადვოკატი). 21 ივლისი, 2026 წელი
ბრიფინგი "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" ოფისში. მარცხნიდან შოთა თუთბერიძე (ადვოკატი), სანდრო ბარამიძე (TI საქართველო) და ლაშა ტყეშელაძე (ადვოკატი). 21 ივლისი, 2026 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში 91 “პოლიტპატიმარია”. ორგანიზაციამ სია შეადგინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012)-ე რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებს ხუთიდან ერთზე მეტ კრიტერიუმს. შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ ხუთივე კრიტერიუმით "პოლიტიკური პატიმარია" მზია ამაღლობელი, გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და რედაქტორი და ასევე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

როგორც დღეს, 21 ივლისს, "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა სანდრო ბარამიძემ, „ეს არის დიდი შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში".

რა კრიტერიუმებით შეაფასეს საქმეები

ორგანიზაციის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად:

  • საქმის გარემოებების;
  • სასამართლო გადაწყვეტილებებისა და
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სია ეყრდნობა არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც, პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:


ა) ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;

ბ) პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;

გ) აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;

დ) დისკრიმინაციულ მოპყრობასთან; ან

ე) ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დოკუმენტში თითოეული პატიმრის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმ(ებ)ი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.

"პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, "სახელისუფლებო ორგანოები პირდაპირ ამახინჯებენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით სჯიან".

როგორც მან თქვა ბრიფინგზე, ამის დასტურია სასამართლოზე გამოკითხული "ცრუ მოწმეები", ის, რომ სასამართლო სხდომები "მედიისთვის დახურულია" და "დარღვეულია ადამიანების სხვა ფუნდამენტური უფლებები".

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციით, საქართველოში ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის და არა მათი პოლიტიკური ნიშნის, შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ტერმინს, „პოლიტპატიმარს“, მიიჩნევენ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად.

ევროპარლამენტი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Feedom House და სხვა საქართველოს ხელისუფლებას ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტისა და დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG