Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უპრეცედენტო განადგურებაზე"

საბინა ჩუდიჩი და ედიტე ეშტრელა
საბინა ჩუდიჩი და ედიტე ეშტრელა

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის პლენარულ სხდომაზე მიიღეს (83 მომხრე, 5 წინააღმდეგი) კრიტიკული რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობის“ შესახებ. რეზოლუციის ძირითად ტექსტში შევიდა შესწორება და ჩაემატა აბზაცი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ „ტრანსნაციონალური რეპრესიების“ დაგმობის შესახებ. აღინიშნა, რომ ის „საქართველოდან დაჩქარებული წესით იქნა დეპორტირებული 2026 წლის 5 აპრილს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აზერბაიჯანში მისი გაძევების აკრძალვის დროებითი ღონისძიებისა“.

კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომელშიც ოცამდე პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა და მათი უდიდესი უმრავლესობის შეფასებები იყო უკიდურესად კრიტიკული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მსგავსად ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტისა, რომლებიც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა - ედიტე ეშტრელამ (პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია-ჰერცეგოვინა, ALDE) წარმოადგინეს.

მომხსენებლები - "არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა"

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს არის მესამე ანგარიში საქართველოზე, რაც, როგორც ედიტე ეშტრელამ აღნიშნა, აჩვენებს, რამდენად „მნიშვნელოვნად და გადაუდებლად“ მიაჩნია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს „დემოკრატიის უპრეცედენტო განადგურება საქართველოში“. პორტუგალიელი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოში გრძელდება დემოკრატიის უკუსვლა, ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის დევნა:

„ასამბლეის არც ერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი განადგურება და ამ საკითხზე ასამბლეის რეკომენდაციების უგულებელყოფა სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმის თაობაზე, გააჩნია თუ არა ხელისუფლებას ნება, შეასრულოს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრიანებისას გაცემული დაპირებები. სინანულითა და დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ, რომ მმართველი უმრავლესობის ინიციატივა, აკრძალოს თითქმის ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტია საქართველოში, რჩება დღის წესრიგში და ახლახან გაიზარდა მისი არეალიც. გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით დემოკრატიული ოპოზიციის თითქმის მთელი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნა“.

ედიტე ეშტრელამ საპარლამენტო ასამბლეაში ილაპარაკა საქართველოში მოვლენათა უახლეს განვითარებაზეც - ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ გააქტიურებულ პროცესებსა და შს სამინისტროში „სიძულვილის ენასთან საბრძოლველად“ შექმნილი ახალი განყოფილების აქტიურობაზეც. მისი შეფასებით, აღნიშნულის გაგრძელება შედეგად მოიტანს ერთპარტიული სისტემის დამყარებას საქართველოში, რაც მიუღებელი და შეუსაბამოა ევროსაბჭოს წევრობასთან - “ეს ქმედებები უნდა შეწყდეს და რეპრესიული კანონები უნდა იქნას გაწვეული“, - განაცხადა კომიტეტის მომხსენებელმა:

„პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას სხვა მიზანი ვერ ექნება, განსხვავებული ხმების ჩახშობისა და პოლიტიკური პატიმრების სპექტრის ზრდის გარდა. ამგვარი დევნა შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროსაბჭოს წევრობით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენს ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტში მოვიხმობთ 1900-ე რეზოლუციას „პოლიტიკური პატიმრის“ განსაზღვრებაზე. ეს რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან მითითებებს აღნიშნულ საკითხზე. ყველა მოვლენამ იქონია ღრმა ზეგავლენა ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე და სამწუხაროდ, უნდა დავასკვნათ, რომ დემოკრატიულ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელმა დევნამ, აგრეთვე უკიდურესმა სოციალურმა და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ საქართველოში შედეგად მოიტანა ის, რომ იქ აღარ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“.

მონიტორინგის კომიტეტის მეორე მომხსენებელს, საბინა ჩუდიჩს, ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გაუმჯობესება შეუძლებელია და „ისინი უნდა იქნას გაწვეული“. მას აგრეთვე მიაჩნია, რომ ერთ-ერთი გზა ამა თუ იმ ხელისუფლების პოლიტიკის გასაანალიზებლად არის ის, თუ რამდენად თანამშრომლობს ის ევროსაბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტთან:

“ხელისუფლების რეაქცია ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ გამოხატულ ნებისმიერ შეშფოთებასა და კრიტიკაზე სულ უფრო მეტად უარყოფითი და მწვავეა. თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, შეკრების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოეყვანა ევროპულ კონვენციასთან და უზრუნველეყო გარემო სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანად მუშაობისთვის. ამის პასუხად, საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „მიუღებელია ნებისმიერისგან, თითის ქნევით ლექციები უკითხონ საქართველოს ხალხს“. ეს არის სრულიად საპირისპირო იმისა, რაც გასულ წელს, საქართველოში ვიზიტისას ჩვენ, მომხსენებლებს, განგვიცხადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნებოდა გათვალისწინებული და შესრულდებოდა“.

2025 წლის ნოემბერში საქართველოში ვიზიტის შესახებ მომხსენებლებმა დაწერეს თავიანთ ანგარიშში, რომელიც თან დაურთეს რეზოლუციის პროექტს.

ჩუდიჩი ხაზს უსვამს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 33-ე და 52-ე მუხლების ამოქმედების მნიშვნელობას. ერთი ითვალისწინებს “სახელმწიფოთაშორის საქმეებს“, როცა ერთი წევრი სახელმწიფო მიმართავს სასამართლოს მეორე წევრის მიერ კონვენციის მუხლების სავარაუდო დარღვევის გამო; მეორე - 52-ე მუხლი კი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ანიჭებს უფლებამოსილებას, წევრ სახელმწიფოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტება იმის თაობაზე „როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა კანონმდებლობა კონვენციის მუხლების ეფექტიან განხორციელებას“. აღნიშნული მუხლის გააქტიურებისკენ მოწოდება დებატებში მონაწილე არაერთი პოლიტიკოსის გამოსვლაში გაისმა.

პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში "დემოკრატიის კოლაფსზე"

სომეხმა დეპუტატმა, ევროპელ კონსერვატორთა ჯგუფის წევრმა არმენ გევორგიანმა, ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი მოპყრობა მიუღებელია, „ინდიფერენტულები ვერ ვიქნებით“ და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონო, მეორე მხრივ კი, მხარი დაუჭირა „დაბალანსებულ მიდგომას“ წევრი სახელმწიფოს მიმართ, უთანხმოებების ზედმეტად გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.

ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფის (ALDE) წარმომადგენელმა ერიკ-ნილეს კროსმა გამოსვლა დაიწყო პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით:

“როცა ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოზე მსჯელობს, ყოველ ჯერზე უნდა გაიმეოროს: დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმარი. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა საქართველოსთან ევროპის ნებისმიერი დიალოგის, ნებისმიერი თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის. დღეს ვმსჯელობთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობაზე და გულწრფელად რომ ითქვას, სათაურში უნდა ეწეროს „დემოკრატიული ინსტიტუტების უფუნქციობაზე“, რადგან ამისი მოწმენი ვართ“.

კროსი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასამბლეამ საქართველოს შესახებ მეექვსე რეზოლუცია მიიღო, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია:

„საქართველოს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ასამბლეის მოწოდებების პასუხად. ფაქტობრივად, ის საპირისპირო მიმართულებით მიდის, როგორც ახლახან მოვისმინეთ. რას მოვითხოვთ განუწყვეტლივ: უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაწვევას, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაწვევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას, პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და წამების შეწყვეტას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალწარმოების შეწყვეტას, ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის პირობების აღდგენას, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების უკან გაწვევას, რომლებიც ძირს უთხრის მიუკერძოებლობასა და პლურალიზმს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინების შეწყვეტას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე უარის თქმას და სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენას ევროსაბჭოსთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ვენეციის კომისიასთან. ამათგან არც ერთი არ მომხდარა. ვითარება გაუარესებულია“.

ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფის (UEL) წევრი, ესპანელი ლაურა კასტელი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიცია „დაუმსახურებელი ზეწოლის ქვეშ არის“, ამასთან ფიქრობს, რომ „პარლამენტის მიმართ ბოიკოტი არ ეხმარება საზოგადოებას“. ის მოქმედებისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს ინსტიტუტებს და აგრეთვე ფიქრობს, რომ ევროსაბჭომ ასამბლეაში „დელეგაციის გაგზავნისკენ უნდა მოუწოდოს საქართველოს პარლამენტს“.

დანიელი სოციალისტი მოგენს იენსენი მიმართავს „ქართულ ოცნებას“: „ხელისუფლებავ, დემოკრატიული გარემოს აღდგენა შენი პასუხისმგებლობაა“.

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ლიეტუველი ემანუელის ზინგერისი ივანიშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების გვარებს ჩამოთვლის. გამოსვლის დასასრულ კი აღნიშნავს საქართველოში „მზარდ ირანულ გავლენას“, რომელიც, მისი აზრით, ევროსაბჭომ უნდა შეაფასოს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატების დროს ბევრმა პოლიტიკოსმა ჩამოთვალა პატიმარი ქართველი ოპოზიციონერები. ყველაზე ხშირად პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას სახელი და გვარი ისმოდა, მათ შორის ბრიტანელი პოლიტიკოსის, პერან მუნის გამოსვლაშიც - „ყველა უნდა გათავისუფლდეს და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა მან.

ალბანელმა ალბანა ვოკშიმ (EPP) საქართველოზე მსჯელობისას თავის ქვეყანასთან გაავლო პარალელი, თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასაც შეეხო და ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მოუწოდა 52-ე მუხლის გამოყენებისკენ.

გერმანელმა ულტრამემარჯვენე მალტე კაუფმანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის საქმეებში ჩარევა და რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება მართებული იყო და რომ საქართველოზე რეზოლუციის პროექტი მისთვის „მიუღებელი“ იყო.

ბრიტანელი ჯეიმს მაკკლირის (ALDE) შეფასებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას, მისი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვის ორბიტისკენ მიათრევს. მანაც გამოხატა შეშფოთება ოპოზიციის ლიდერების ციხეში ყოფნის გამო და განაცხადა:

“ეს არ არის ისეთი მთავრობის ქცევა, რომელიც დარწმუნებულია ხალხის მხარდაჭერაში. ეს არის იმ მთავრობის ქცევა, რომელსაც ხალხის ეშინია. ევროსაბჭო უნდა იყოს მკაფიო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაწვევა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა და დამაჯერებელი სვლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. მზად უნდა ვიყოთ ტარგეტირებული სანქციების დაწესებისთვის იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიის კოლაფსზე და უნდა დავიწყოთ ეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილითა და იმ პირებით, რომლებიც ჯერაც მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი გავლენის განმტკიცებას“.

ბრიტანელი სემ რაშვორთიც (სოციალისტების ჯგუფი) გამოეხმაურა საქართველოში ოპოზიციის ლიდერების მიმართ რეპრესიებს, ილაპარაკა ელენე ხოშტარიაზე და სხვების გვარებიც ჩამოთვალა. აღნიშნა, რომ ქართველ ოპოზიციონერებთან შეხვედრისას აღფრთოვანებულია მათი „ხედვებითა და სიმამაცით“ და იმაზე ფიქრობს, ისევ ნახავს, თუ ისინიც „დემოკრატიის უკუსვლის მსხვერპლად იქცევიან“.

რაშვორთმა ილაპარაკა „სახელმწიფო მედიაზეც“ და შეშფოთება გამოხატა მათი საქმიანობის გამო:

„გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა ორი მთავარი პროსამთავრობო მაუწყებელი უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე ცრუ ნარატივების გავრცელების გამო. ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ისინი აქ, ფოიეში არიან, როცა ჩვენ სხდომაზე ვიმყოფებით“.

„ისინი ღალატობენ ქართული საზოგადოების დიდი ხნის მიზანს“, - განაცხადა ლატვიელმა სოციალისტმა ედმუნდს ცეპურიტისმა და მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს.

უკრაინელმა ლესია ვასილენკომ (ALDE) აღნიშნა, რომ „განცხადებები აღარ არის საკმარისი. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთო“ და ტარგეტირებული სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით დაასრულა გამოსვლა.

გერმანელი ფრანკ შვაბე, სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარე:

„ძვირფასო კოლეგებო, როგორ ხდება, რომ ხალხის უმრავლესობას მოსწონს და უყვარს ევროპა - მათ ევროპის დროშა უკავიათ, მოსწონთ და უყვართ ევროკავშირი... ამავდროულად მმართველი პარტია საპირისპირო გზით მიდის?

მიზეზი მარტივია. არის ერთი მდიდარი კაცი, რომელიც ფლობს თითქმის ყველაფერს ქვეყანაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას ჰყავს ბევრი პოლიტიკური მარიონეტი, რომლებიც აორგანიზებენ საპირისპიროდ სვლას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ესაა მიზეზი.

...საინტერესო იყო, რომ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საკმაოდ სკეპტიკურად კი ვიყავი განწყობილი, მაგრამ შეეცადა რაღაც დაეწყო და თქვენ დაჰპირდით თანამშრომლობას, საბოლოოდ კი უგულებელყავით ის. თუ შეიძლება, დაბრუნდით ორგანიზაციაში. ითანამშრომლეთ ჩვენთან ამ ორგანიზაციის საკეთილდღეოდ“.

იტალიელმა პიერო ფასინომ (სოციალისტების ჯგუფი) ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის იზოლირებული და უფრო დიდი ძვრების ნაწილია, რომ მსგავსი დინამიკა ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა - „ევროსაბჭოში უნდა გავიაზროთ, რა დევს სასწორზე“.

თურქმა დეპუტატმა მეჰმეთ აკალინმა (ALDE) საქართველოს შეახსენა თურქი მესხების რეპატრიაციის დაპირება, რომელიც, მისი განცხადებით, სრულფასოვნად არ შესრულებულა.


"ქართული ოცნება" - "არ დავბრუნდებით PACE-ში"

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 24 ივნისის დებატების კონტექსტში აქტიურად გამოხატავდნენ უარყოფით შეფასებებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ და ახალ რეზოლუციას „საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის“ ნაწილად აფასებდნენ:

„აქ ისმება მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - შესაძლებელია თუ არა ასეთი დოკუმენტების ავტორებს საქართველოს მეგობრები ვუწოდოთ? პასუხი ძალიან მკაფიოა - არა! ნამდვილი მეგობარი პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს კულტურას, შენს უსაფრთხოებას. ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ვინც გაშანტაჟებს, ვინც ხელს აფარებს რადიკალებს და ვინც ცდილობს, რომ დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასოდეს იქნება”, - განაცხადა 23 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

„საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ და რაზეც არის საუბარი რეზოლუციაში.

რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა და დანარჩენი, რაც არის რეზოლუციაში, არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

"დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები", - ეს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის სიტყვებია.

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანამშრომლობის სურვილის არქონაში დაადანაშაულა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძემ:

„2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები PACE-ს მიერ არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი“.

მეორე წელია, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სრულად შეეჩერებინა ასამბლეაში საქმიანობა. უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძვლად კი იქცა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაზე“ წარმოქმნილი „სერიოზული ეჭვები“, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG