Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო და სამინისტრო ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის სამუშაო ჯგუფს ქმნის

შეხვედრა საპატრიარქოში დღეს, 20 ივლისს გაიმართა.
შეხვედრა საპატრიარქოში დღეს, 20 ივლისს გაიმართა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსის მქონე ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და კულტურის მინისტრ თიკა რუხაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება“, - აცხადებენ საპატრიარქოს პრესსამსახურში.

ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით 2015 წელს დაიწყო. როგორც საპატრიარქომ 2023 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, „ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა“ - სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც წვიმის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ზიანდებოდა.

რამდენიმე თვეში გელათის რესტავრაცია სახელმწიფომ საპატრიარქოს გადააბარა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG