Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო და ლავროვი მანილაში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ

რუბიო და ლავროვი მანილაში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, 2026 წლის 22 ივლისი (საარქივო ფოტო)
რუბიო და ლავროვი მანილაში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, 2026 წლის 22 ივლისი (საარქივო ფოტო)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ 23 ივლისს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტისთვის, ალექს რაუფოღლუსთვის მიცემულ კომენტარში რუბიომ თქვა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი.

კითხვას, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლის განხორციელებას, რუბიომ უპასუხა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვა "ზეწოლა" ამ შემთხვევაში სწორიაო - თუმცა დაადასტურა, რომ მხარეები ომს განიხილავენ.

მანამდე ლავროვი იუწყებოდა, რომ შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. მისი თქმით, ის აპირებს დააზუსტოს ვაშინგტონის პოზიცია ომის დარეგულირებასთან მიმართებით და განიხილოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ომის სწრაფად დასრულების შესაძლებლობის თაობაზე.

ივნისის ბოლოს რუბიო აცხადებდა, რომ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის 2025 წელს ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე ომის დასრულების თაობაზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. "ალიასკაზე შეთანხმება არ გაფორმებულია - ალიასკაზე გამოითქვა წინადადება", ამბობდა სახელმწიფო მდივანი. რუბიომ წინადადების დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა ახსენა მოსკოვის საჯარო მოთხოვნები, დონბასის სრული კონტროლის ჩათვლით.

მოგვიანებით პუტინმაც აღიარა, რომ ანკორიჯში ოფიციალური შეთანხმება არ ყოფილა - მისი თქმით, იქ მხარეები განიხილავდნენ "გარკვეულ შესაძლებლობებს უკრაინაში კრიზისის დასრულებისთვის", ასევე შესაძლო კომპრომისებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG