Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერაზე სროლა იყო - ოთხი ადამიანი დაჭრეს

სროლა ვერაზე - არიან დაჭრილები
სროლა ვერაზე - არიან დაჭრილები

ოთხშაბათს საღამოს, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე სროლა იყო - შედეგად ოთხი ადამიანი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი, - არასრულწლოვანი ბიჭი, - კლინიკაში გარდაიცვალა.

სროლა ვერაზე იყო, - სავარაუდოდ, აკაკი შანიძისა და აკაკი ხორავას ქუჩების კვეთაზე.

რა გაირკვა თავიდან

ფეისბუკზე ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ „ჩაცხრილეს“ არასრულწლოვნები, რომლებიც „დასისხლიანებულები ეყარნენ“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. ტერიტორია რამდენიმე ადგილას პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს.

არაერთი ნატყვიარი ეტყობა წითელი ფერის „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილს.

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე შემთხვევის ადგილიდან ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც პოლიციელი მას ეუბნება, რომ „სამი პიროვნებაა დაჭრილი“.

შემდეგ დაზუსტდა, რომ დაჭრილდა რაოდენობა ოთხი იყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი, თიკო კვალიაშვილი ამბობდა:

„ერთადერთი, რაც შევძელი, სახლიდან გამოვიტანე პირველადი დახმარების ნივთები. არ ვარ ექიმი, თუმცა პირველადი დახმარების გარკვეული გამოცდილება მაქვს. ორ ბიჭს ნატყვიარები ცოტათი დავუმუშავე სასწრაფოს მოსვლამდე“.

თვითმხილველის, ელენე ქორიძის გავრცელებული ინფორმაციით, „კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ“, შემდეგ კი „შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა“, რის შემდეგაც იგი „მალევე დაიჭირეს.

„იმედი“ აცხადებს, რომ თავდამსხმელმა „დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია“.

ერთ-ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, - რაც თავდაპირველად კლინიკაში მყოფმა მოქალაქემ გაავრცელა, - რადიო თავისუფლებას შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ის განცხადებით, ბრალდებულმა „ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“, - წერს შსს.

პრესცენტრი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს „შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია“ და აცხადებს, რომ „დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო“.

არ არის დაზუსტებული, რა ტიპის დაზიანება.

მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ინფორმაცია რამდენჯერმე განახლდა დამატებითი ცნობებითა და დაჭრილთა და დაღუპულის შესახებ ინფორმაციით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG