Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერაზე სროლისას დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

ვერაზე 22 ივლისს, საღამოს, ოთხი ადამიანი დაჭრეს
ვერაზე 22 ივლისს, საღამოს, ოთხი ადამიანი დაჭრეს

ოთხშაბათს საღამოს, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, - რაც თავდაპირველად კლინიკაში მყოფმა მოქალაქემ გაავრცელა, - რადიო თავისუფლებას შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ის განცხადებით, ბრალდებულმა „ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“, - წერს შსს.

პრესცენტრი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს „შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია“ და აცხადებს, რომ „დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო“.

არ არის დაზუსტებული, რა ტიპის დაზიანება.

მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

---

სროლა ვერაზე იყო, - აკაკი შანიძისა და აკაკი ხორავას ქუჩების კვეთაზე.

ფეისბუკზე ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ „ჩაცხრილეს“ არასრულწლოვნები, რომლებიც „დასისხლიანებულები ეყარნენ“.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. ტერიტორია რამდენიმე ადგილას პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

არაერთი ნატყვიარი ეტყობა წითელი ფერის „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილს.

თვითმხილველის, ელენე ქორიძის გავრცელებული ინფორმაციით, „კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ“, შემდეგ კი „შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა“, რის შემდეგაც იგი „მალევე დაიჭირეს.

„იმედი“ აცხადებს, რომ თავდამსხმელმა „დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG