Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთსა და ესპანეთში 250 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, სატყეო ხანძრების გამო

ესპანეთი, 2026 წლის 23 ივლისი
ესპანეთი, 2026 წლის 23 ივლისი

მასშტაბური სატყეო ხანძრებია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთსა და ესპანეთის ცენტრში - ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 267 ათასამდე ადამიანია სახლებიდან ევაკუირებული. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა The Guardian.

საფრანგეთში სახლები დატოვა 197 ათასმა ადამიანმა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის თქმით, ეს, სავარაუდოდ, ქვეყნის ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა მშვიდობიან დროში. ესპანეთში ევაკუაციას დაექვემდებარა 70 ათასამდე ადამიანი.

ესპანეთმა თავის ისტორიაში პირველად საგანგებო ვითარება გამოაცხადა ტყეებში ხანრძრების გამო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ძლიერმა ქარმა გაართულა ბრძოლა მასშტაბურ ხანძართან, მადრიდთან ახლოს. ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა არ გავიდნენ სახლებიდან, ჰაერის ხარისხის გაუარესების საფრთხის გამო.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ხანძრებმა უკვე გაანადგურა ტყის 130 ათასი ჰექტარი. ეს საახლოებით სამჯერ აჭარბებს ქვეყნის წლიურ საშუალო მაჩვენებელს.

საფრანგეთში ხანძრებმა გაანადგურა 98 ათას ჰექტარზე მეტი - რაც, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "ისტორიული რეკორდია". გავრცელებული ცნობებით, დაშავებულია რამდენიმე ფრანგი მეხანძრე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს უახლოეს მომავალში გაუწევენ დამატებით დახმარებას. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საფრანგეთსა და ესპანეთში უკვე მიავლინა ჰუმანიტარული დახმარება და სახანძრო თვითმფრინავები.

წელს ევროპაში აღინიშნება სატყეო სანძრების უჩვეულოდ დიდი მასშტაბი, სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე. მეცნიერების შეფასებით, კლიმატის ცვლილებებს შედეგად მოაქვს მსგავსი ექსტრემალური მოვლენების გახშირება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG